ანაგაში წყლის პრობლემებზე მუშაობა ორშაბათიდან დაიწყება - მერის მოადგილის დაპირება მოსახლეობას

ანაგაში წყლის პრობლემებზე მუშაობა ორშაბათიდან დაიწყება - მერის მოადგილის დაპირება მოსახლეობას

სოფელ ანაგაში გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიღნაღის ვიცე მერი შეხვდა.

მადონა ბატიაშვილის ინფორმაციით, ორშაბათიდან სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, ადგილზე მუნიციპალიტეტის ტექნიკა იმუშავებს. მოხდება დაზიანებული ჭაბურღილის აღდგენაც. მისივე თქმით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის წყალმომარაგებისთვის 27 მილიონი ლარი გამოიყო. 

მანამდე კი ადგილობრივმა მოსახლეობამ წყლის მიწოდების მოთხოვნით, ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ამისი საშუალება არ მისცა.

ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე წლებია პრობლემის წინაშე დგანან და 200 ზე მეტი ოჯახი მხოლოდ ერთი წერტილით სარგებლობს.

აქციის მონაწილეების თქმით, პროექტში, რომელშიც 380 ათასი ლარი დაიხარჯა, გასულ წელს უნდა დასრულებულიყო.

დამონტაჟდა 3 რეზერვუარი, რომელიც ამ დრომდე უფუნქციოა და არ გაწმენდილა არც სათავე- ნაგებობა.

ადგილზე ორგანიზაცია "სამოქალაქო მოძრაობის" კახეთის რეგიონული ხელმძღვანელიც იმყოფებოდა.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სოფელ ანაგის  მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება.