ახალშობილით ვაჭრობის საქმე - მეზობლები დანაშაულს ოჯახის გაჭირვებას უკავშირებენ

ახალშობილით ვაჭრობის საქმე - მეზობლები დანაშაულს ოჯახის გაჭირვებას უკავშირებენ

ახალშობილით ვაჭრობის საქმე - "მთავარი არხი" დღეს იმ სოფელში ჩავიდა, სადაც გაყიდული ჩვილის მშობლები ცხოვრობდნენ. მეზობლები ყვებიან, რომ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახის მიერ ჩვილის გაყიდვის შესახებ ტელევიზიით შეიტყვეს და მეზობლები უკვე რამდენიმე დღეა, აღარ უნახავთ.

ახალშობილის ყიდვა-გაყიდვის საქმეზე ჩვილის მშობლები სამართალდამცველებმა ბავშვის ყიდვის მსურველთან ერთად დააკავეს მაშინ, როდესაც ახალშობილი ბიჭის სანაცვლოდ მშობლები 5 ათას დოლარს იღებდნენ.

მეზობლების თქმით, დაკავებულებმა დანაშაული სავარაუდოდ, უსახსრობის გამო ჩაიდინეს, თუმცა ისინი გაჭირვებას დანაშაულის გამამართლებელ გარემოებად არ მიიჩნევენ.

ცნობილია, რომ ჩვილის დედა დააკავეს უშუალოდ მაშინ, როდესაც თანხას იღებდა საკუთარი ჩვილის სანაცვლოდ. ჩვილის მამა კი სამუშაო ადგილას - დუშეთის უნარშეზღუდულთა პანსიონში.

პანსიონის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია დანაშაულის შესახებ და მომხდარი მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როცა ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ.

  • ვიცით, რომ გუშინ დააკავეს, მაგრამ დანარჩენი, ჩვენ პირადად, ნამდვილად არაფერი არ ვიცით... უშუალოდ შევესწარი იმას, რომ ჩემი კაბინეტიდან როცა გამოვდიოდი, ბატონი მამუკა რამდენიმე პირის თანხლებით გამოვიდა პანსიონატიდან, - იხსენებს პანსიონატის ერთ-ერთი თანამშრომელი.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ დაკავებულ ცოლ-ქმარს, რასაც ისიც მოწმობს, რომ ბრალდებულები ცხელ კვალზე აიყვანეს.