ბაჩანა შენგელია: სანოტარო საქმიანობის უფლება შემიზღუდეს

ბაჩანა შენგელია: სანოტარო საქმიანობის უფლება შემიზღუდეს

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ბაჩანა შენგელიას თქმით, მას სანოტარო საქმიანობის უფლება შეუზღუდეს. 

"მინდა, გაცნობოთ იმ უპრეცენდენტო კანონდარღვევის თაობაზე, რომელიც ჩაიდინა იუსტიციის სამინისტრომ. საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მოხელეებმა ან პოლიტიკური თანამდებობის პირმა 19 ივნისს, უბრალოდ, აიღეს და ქსელიდან გამომირთეს პროგრამა, რითიც მე ვახორციელებდი სანოტარო მოქმედებას.

მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ პოლიტიკური დევნისა და ტერორის კამპანიის გაგრძელებას, რასაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, დედაჩემის, ია კერზაიას მიმართ". – თქვა ბაჩანა შენგელიამ.

კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არ არსებობის გამო" გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ "ადგილი ჰქონდა "ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".

6 ნოემბერს კი სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა.