"გადავარჩინოთ რიონი", — ონში ონის ჰესების კასკადის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

"გადავარჩინოთ რიონი", — ონში ონის ჰესების კასკადის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

"გადავარჩინოთ რიონი", "ნუ მოკლავ რიონს", "არა ონის კასკადს", — ამ ლოზუნგებით ონში ონის ჰესების კასკადის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ადგილობრივები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციონერები ონის ცენტრში შეიკრიბნენ. მათი თქმით, კასკადის აშენების შემთხვევაში, მდინარე რიონის დიდ ნაწილს მილში მოაქცევენ, დაზიანების შემთხვევაში კი რეგიონი წყლით დაიფარება.

აქციის ორგანიზატორებმა მსვლელობის დაწყებამდე ორი მოთხოვნა გააჟღერეს:

  • გაუქმდეს გარემოსდაცვითი ნებართვა ჰესის მშენებლობაზე;
  • შეფასდეს რეგიონის ტურისტული პოტენციალი, როგორც ალტერნატივა.

12 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მწვანე ალტერნატივამ და საიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს, რომლითაც ონის კასკადის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა. ორგანიზაციებმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს.

როგორც ორგანიზაციების საერთო განცხადებაშია აღნიშნული, ჰესის მშენებელმა კომპანიამ — სს ონის კასკადმა, ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს უსაფრთხოებისათვის არსებული რისკების შესამოწმებლად კანონით სავალდებულო კვლევების ჩატარება არ უზრუნველყო.

"საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი, ნაცვლად იმისა, რომ უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, დაავალა მშენებარე კომპანიას, პოსტ-ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე", — აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საია და მწვანე ალტერნატივა აცხადებენ, რომ გასაჩივრებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უხეშად იქნა უგულებელყოფილი საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.