გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის საქმეზე დაკავებულთა შორის არიან სპორტსმენები და არასრულწლოვანი

გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის საქმეზე დაკავებულთა შორის არიან სპორტსმენები და არასრულწლოვანი

თბილისის პოლიციის სამმართველო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გარემოებების დასადგენად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულთაგან ერთი არასრულწლოვანია. ადვოკატმა გიორგი გელხაურმა თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან მედიას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებითაა დაკავებული, თუმცა, რეალურად არცერთ ეპიზოდში არ მონაწილეობდა.

თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაკავებულია ორი მორაგბეც. ადვოკატ ვასილ მამულაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები მცხეთაში ჩავიდნენ, როცა წვეულება უკვე დაშლილი იყო და მათი ჩვენებითვე, ავტომაგისტრალზე მისვლის დროსაც კონფლიქტი უკვე ამოწურული იყო.

დღეს დილით, სამართალდამცავებმა სულ 17 პირი დააკავეს. მათ ბრალს ოფიციალურად მოგვიანებით წაუყენებენ. 14 საათზე შსს-ში ბრიფინგი დაინიშნა.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

გამოძიების ინფორმაციით, წვეულების მონაწილეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც შემდეგ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს გაგრძელდა. სწორედ იქიდან დაიკარგა გიორგი შაქარაშვილის კვალი.

თავდაპირველად გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით, რომელსაც მოგვიანებით დაემატა ძალადობის მუხლიც.