გიორგი ჩაკვეტაძე: "კარგად ვარ, არაფერი მაწუხებს"

გიორგი ჩაკვეტაძე: "კარგად ვარ, არაფერი მაწუხებს"

საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე უკვე თვეზე მეტია, რაც თბილისში იმყოფება. ბუნებრივია, კორონავირუსის პანდემიის გამო.

ქართველი ფეხბურთელი ფორმის შენარჩუნებას „დინამო თბილისის“ ბაზაზე ცდილობს და ბელგიიდან მოწოდებული პროგრამით ვარჯიშობს. გიორგიმ სწორედ „დინამოს“ პრესსამსახურთან ისაუბრა საკუთარ ფორმაზე, ეროვნულ ნაკრებზე და „დინამოს“ შესახებ.

„თავს კარგად ვგრძნობ, ბოლო პერიოდში რამდენიმე თამაში ჩავატარე, სრულად გამოვჯანმრთელდი და აღარაფერი მაწუხებს. ყველაფერმა ჩაიარა, სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. კორონავირუსის გამო ბელგიიდან თბილისში დავბრუნდი და „დინამოს“ ბაზაზე ვასრულებ ჩემს პროგრამას, რასაც გუნდიდან მავალებენ. კორონავირუსის პაუზის წყალობით ბევრად უფრო მეტი დრო მომეცა, რომ უფრო კარგად ვყოფილიყავი და აღდგენითი პროცესი დამესრულებინა.

ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება ერთა ლიგაზე, ბელარუსთან და იმედი მაქვს, რომ ფინალშიც ვითამაშებთ. ყველამ კარგად იცის, რა მნიშვნელობის მატჩებია ნაკრებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ამაზე უკეთესი შანსი ალბათ კარგა ხანი არ გვექნება და ამიტომ, ყველა მოტივირებულები ვართ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ.

„დინამო თბილისში“ გავიზარდე, ყველაფერი მომცა, ბავშვობიდან აქ ვცხოვრობდი და ყველაფერი მქონდა იმისთვის, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოვყალიბებულიყავი. „დინამოს“ ვულოცავ ჩემპიონობას და ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად იასპარეზებს“, - თქვა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, ბელგიაში 2019-2020 წლების სეზონი ოფიციალურად დაასრულეს და „გენტმა“ მეორე ადგილი დაიკავა, რაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას აძლევს.