დაიცავი ის რაც საერთოა — აჭარის ტელევიზიასთან პროფკავშირების აქცია მიმდინარეობს

დაიცავი ის რაც საერთოა — აჭარის ტელევიზიასთან პროფკავშირების აქცია მიმდინარეობს

დაიცავი ის რაც საერთოა — აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ორგანიზებული აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლები, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები.

"ჩვენ გვინდოდა მაუწყებლის შენობის წინ შევკრებილიყავით იმ ადამიანებთან ერთად, რომელთათვისაც ეს იდეა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით არის ისეთივე ღირებული, როგორიც ჩვენთვის, მაუწყებლის თანამშრომლებისთვის და ყოფილი თანამშრომლებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და პირველ რიგში, ამ აქციის მიზანია ფსიქოლოგიურად გავმხნევდეთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ", — თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლები აქციის მიმდინარეობას შენობის აივნიდან უყურებენ.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კრიტიკული პოზიციის გამო მაუწყებელში თანამშრომლებისა და პროფკავშირების წევრების დევნა გრძელდება. მათი თქმით, ხშირად მენეჯმენტის პოლიტიკასთან შეუგუებლობა სამსახურის დაკარგვის ტოლფასია. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფალი სივრცე სჭირდება როგორც ჟურნალისტებს, ისე საზოგადოებას.