დაკავებები ბათუმში - სასამართლომ სამ პირს ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა

დაკავებები ბათუმში - სასამართლომ სამ პირს ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა

ბათუმში ხმაურიან აქციაზე დაკავებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი დასრულდა - მათგან სამს ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ორის პროცესი კი გადაიდო.

დაკავებულების განცხადებით, სამართალდამცველებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რითიც დასტურდებოდა მათი დანაშაული და მოსამართლემ პროცესის გადადება სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტა.

  • მე რომ ჯანმრთელად არ ვყოფილიყავი, ხელს მომამტვრევდნენ ალბათ. ხელი გადამიგრიხეს მაგრამ ღმერთს მადლობა, გადავრჩი. ექვსი კაცი მაკავებდა მაგრამ რაზე, არ ვიცი. სასამართლო პროცესზე მარტო ვიყავი, პოლიციამ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და სხდომა გადაიდო, - ამბობს აქციაზე დაკავებული დავით წულუკიძე.

ხელწერილით გათავისუფლებულები ამბობენ იმასაც, რომ დაკავების პროცესში სამართალდამცველებმა ძალა გადაამეტეს. ისინი სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებიან, რის შემდეგაც საპროტესტო აქციის გაგრძელებას აანონსებენ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა აქციის 30 მონაწილე იმ დროს დააკავეს, როცა ისინი ხულიგნობის ბრალდებით დაპატიმრებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ციხიდან გამოშვებას ითხოვდნენ, რადგან მათი ოჯახის წევრების განმარტებით, ორივე პირი უკანონო პატიმარია.