დამწვარი სამალავი და განადგურებული ვიდეოჩანაწერები - გამქრალი სამხილები შაქარაშვილის საქმეში

დამწვარი სამალავი და განადგურებული ვიდეოჩანაწერები - გამქრალი სამხილები შაქარაშვილის საქმეში

19 წლის ფეხბურთელის საქმეში ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ერთადერთია ვინც 112- ში დარეკა. ზარის ინიციატორმა, შველა ითხოვა და თქვა, რომ ტერიტორიაზე ჩხუბი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფმა შეტყობინება გააუქმა, არაგვის ხიდზე სამართალდამცველები მის წამოსაყვანად მაინც მივიდნენ. ბრეგვაძე კამერებთან გამოკითხვების შემდეგ აღარ გამოჩენილა. ფოტოგრაფის ნაცვლად დღეს კარი დედამ გაგვიღო. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, რომ პატრულ-ინსპექტორები მცხეთის პოლიციაში გამოეკითხათ. ვალერი ჯიქურაშვილის და გიორგი ზარიაშვილის ჩვენებებით დასტურდება, რომ სამართალდამცველებმა დაპირისპირების შესახებ იცოდნენ, თუმცა ჩხუბის დეტალების გარკვევა არ დაუწყიათ. 

ჩვენ შევუჩერეთ ავტომანქანა, ვკითხეთ ვინაობა და ჩხუბთან დაკავშირებით ხომ არ ფლობდა რაიმე სახის ინფორმაციას. მან განაცხადა, რომ იყო იაკობ ბრეგვაძე. იგი იყო ინიციატორი და ასევე განმარტა, რომ მოდიოდა დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით ე.წ „ავტოსტოპით“. მან ასევე გვითხრა, რომ როდესაც ის იყო ქვეითად, მისგან მოშორებით შეამჩნია ქვეითად მოსიარულე რამდენიმე პიროვნება, რომელთაც შეუჩერა მიმავალმა ავტომანქანამ, სავარაუდოდ მერსედესმა, რომლის სერია და ნომერი არ დაუნახავს შორი მანძილის გამო. ავტომანქანიდან გადმოვიდა რამოდენიმე პიროვნება და ფეხით მიმავალ პირებს დაუწყეს გინება. მათ შორის მოხდა შეხლა -შემოხლა, რაზეც ის გაიქცა და იქ თუ კიდევ რა მოხდა აღარ დაუნახავს. მან ზოგადად ახსენა ჩხუბი, თუმცა რომელიმე პიროვნებამ სხვა პიროვნებას ხელი ან სხვა რაიმე დაარტყა თუ არა, მისი გადმოცემით, მას არ დაუნახავს და შეხლა შემოხლის და გინების დაწყებისთანავე გაიქცა აღნიშნული ადგილიდან და დაიმალა. ჩვენ ვკითხეთ, ხომ არ იცნობდა რომელიმე მათგანს,რაზედაც განაცხადა, რომ იყვნენ მისთვის უცნობი პირები. ჩვენ ვკითხეთ მასაც ხომ არ ეჩხუბა ვინმე, რაც ასევე უარყო.

კადრებში ნათლად ჩანს, რომ ტერიტორიაზე მისულ თეთრ შკოდას არც ციმციმები აქვს ჩართული და არც ოქმს აფორმებს. იაკობ ბრეგვაძე არგვის ხიდიდან ისე მიყავს, რომ კრიმინალურ პოლიციას არ ელოდება. ჩვენების მიხედვით გაუქმებული შეტყობინების გამო, კრიმინალური პოლიცია რეაგირებას არ ახდენს.  

ჩემი მეწყვილე გიორგი ზარიაშვილი დაუკავშირდა მორიგეს და უთხრა,რომ ინიციატორი იყო ჩვენთან და ადგილზე მოსულიყო კრიმინალური პოლიცია.მალევე გადმოგვირეკა მორიგე დავით ამირანაშვილმა და გვითხრა, რომ კრიმინალურმა პოლიციამ მას განუცხადა,რომ შეტყობინება იყო გაუქმებული და ვერ მოვიდოდნენ. ჩვენ იაკობ ბრეგვაძეს ვკითხეთ რითი შეგვეძლო მისი დახმარება. მან განაცხადა, რომ არ ჰქონდა ფულადი თანხა და წაგვეყვანა თბილისში. ჩვენ ჩავისვით ავტომანქანაში და მივიყვანეთ აღმაშენებლის ხეივანზე, დიდი დიღმის გადასახვევთან. ვიყავით „შკოდას“ ტიპის საპატრულო პოლიციის დაქვემდებარებაში არსებული ტიპიური ავტომობილით, რომელსაც გააჩნია წარწერა „პოლიცია“ და ასევე გვქონდა ჩართული ციმციმები.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საბედისწერო ღამეს მცხეთის პოლიციაში, სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი მორიგეობდა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ის გასცემდა განკარგულებებს იაკობ ბრეგვაძის უსაფრთხოდ ევაკუაციის შესახებაც. დავით გელაშვილი სავარაუდოდ ერთ-ერთია, ვინც მტკიცებულებების განადგურებაში, იმ მოტივით მონაწილეობს, რომ დამნაშავეები არ დაისაჯონ და საქმეზე ჭეშმარიტება არ დადგეს.  

დღეს "მთავარის" კამერასთან დავით გელაშვილი არ გამოჩენილა. გამოკითხვის ოქმში არსებული სამუშაო ადგილის მიუხედავად. მცხეთის პოლიციაში უარყვეს, რომ გამოძახებაზე გასული პატრულ-ინსპექტორები მათი თანამშრომლები იყვნენ. 

როგორ მოხვდა 19 წლის ფეხბურთელის გვამი იმ ტერიტორიაზე სადაც მყვინთავებმა მიაგნეს უცნობია, თუმცა გენერალური ინსპექციიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ისაუბრეს, რომ საქმე მცხეთის პოლიციამ ისე დაალაგა, რომ სხვა რაიონის საგამოძიებო უწყება საქმეში არ ჩართულიყო. 

საქმეში არსებული საეჭვო გარემოებები ქმნის განცდას, რომ პოლიცია რაღაცას მართლაც მალავს. თავდაპირველი ეჭვი საზოგადოებას მაშინ გაუჩნდა, როდესაც დაზარალებულმა გურამ ამირხანაშვილმა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, სამართალდამცველები ჩანთის კვალზე, რამდენიმე წუთში გაიყვანა. თუმცა მაშინ არავის უფიქრია, რომ ბეტონის ბურჯზე მოთავსებული ჩანთის დანახვას ამირხანაშვილი ვერ შეძლებდა. 

მორიგი ბუნდოვანება საქმეში მას შემდეგ გაჩნდა, რაც გურამ ამირხანაშვილის სამალავის მიმდებარე ტერიტორია ადვოკატებს გადამწვარი დახვდათ. დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემთხვევაში სამართალდამცველები ტერიტორიდან ბიოლოგიური ნიმუშების აღებას ვერ შეძლებენ. 

შემთხვევის ადგილის გარდა განადგურებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, რომელიც საგამოძიებო უწყებამ მერიიდან დაგვიანებით გამოითხოვა. რატომ არ განხორციელდა დაუყოვნებლივი საგამოძიებო ღონისძიებები უცნობია და რატომ უწყობს ხელს მტკიცებულებების განადგურებას თავად პოლიცია ამ კითხვაზე პასუხს ახლა ადვოკატები ითხოვენ. 

საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინონ ვინ და რატომ ანადგურებს ფაქტებს, რომლებსაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა შეუძლია.