დედა შვილის დაბრუნებას ითხოვს - 15 წლის მოზარდის სადავო საქმე

დედა შვილის დაბრუნებას ითხოვს - 15 წლის მოზარდის სადავო საქმე

მაია სიფრაშვილი იანვრიდან შვილის დაბრუნებას მოითხოვს. მისი თქმით, 15 წლის ბიჭი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, მოტყუებით წაართვეს. ვანო მინდობით აღზრდაში ჯერ თიანეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი, როგორც დედა ჰყვება, ბიჭი სოფელ ანაგაში აღმზრდელების ნებართვით დააბრუნა. უსახსრობის გამო დედამ სოციალურ აგენტს ბავშვის მკურნალობაში დახმარება სთხოვა. აგენტმა კი ვანო პოლიციის დახმარებით თბილისში წაიყვანა. მოზარდი ფსიქიატრიულ კლინიკაში დააწვინეს, ბიოლოგიური ოჯახი კი საქმის კურსში არავინ ჩააყენა.

მკურნალობის შემდეგ ვანო მშობლიურ სოფელ ანაგაში დააბრუნეს, მაგრამ დედას ისევ არაფერი შეატყობინეს. სოციალურმა აგენტმა მინდობით აღზრდაში იმავე სოფელში მცხოვრებ ნათლიასთან გაგზავნა. ვანო ყვება, რომ ნათლია სასტიკად ექცეოდა და მძიმე სამუშაოს ავალებდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

ბავშვი ამ ეტაპზე მშობლიურ სახლში ცხოვრობს, სადაც თავად დაბრუნდა, თუმცა მუდმივი შიშის ფონზე, ვანოს მდგომარეობა გაუარესებულია.

"მთავარი არხი" ბიჭის ნათლიის, ბადრი ბაღაშვილის სახლში იმყოფებოდა. ბაღაშვილის ოჯახის წევრები ჟურნალისტების გამოჩენამ გააღიზიანა. აღიარებენ, რომ ბიჭი მათივე ინიციატივით წაიყვანეს, თუმცა ამბობენ, რომ მხოლოდ დახმარება სურდათ და ფიზიკურ შრომასაც არავინ აიძულებდა.

სოციალური აგენტი, რომელსაც ვანოს ოჯახი სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს, ბრალდებებს უარყოფს. ამტკიცებს, რომ ყველაფერი კანონის დაცვით შესრულდა. ია ნატროშვილი ირწმუნება, რომ ბიჭი სამკურნალოდ მისივე ნებით წაჰყვა და არც ნათლიასთან გადაყვანა გაუპროტესტებია. ნატროშვილი იმასაც ამბობს, რომ 15 წლის ვანო დედასთან ახლაც არ უნდა ცხოვრობდეს, თუმცა არ აქვს პასუხი - ვინ უნდა აღზარდოს მოზარდი.

ვანომ დედასთან ბოლო ოთხი თვე გაატარა. დროდადრო სახლიდან გარბის და იმალება, რადგან ჰგონია, რომ მის წასაყვანად ან ნათლია ან სოციალური აგენტი ისევ მოვა. დედა ამბობს, რომ არ იცის რა ბედი ეწევა მის შვილს, რომელსაც ამ შიშის ფონზე, ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო ურთულდება.