კობახიძე ბოკერიას ისევ "გოიმად" მოიხსენიებს და "ბოლშევიკებისა და კომუნისტების დონეზე ჩარჩენილს" უწოდებს

კობახიძე ბოკერიას ისევ "გოიმად" მოიხსენიებს და "ბოლშევიკებისა და კომუნისტების დონეზე ჩარჩენილს" უწოდებს

მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციას შეურაცხყოფას კი არ აყენებს, არამედ "აფასებს" და "ფაქტის კონსტანტაციას ახდენს". მისი აზრით, შეურაცხმყოფელი ის კი არ არის, როდესაც გიგა ბოკერიას "გოიმს" უწოდებს, არამედ ისაა, როცა ბოკერია მათ "კლოუნებად" მოიხსენიებს, რადგან ეს ფაქტი არ არის. ამ განცხადებების ფონზე კობახიძე ბოკერიას ისევ "გოიმს" და "კომუნისტების დონეზე ჩარჩენილს" უწოდებს.

"იუზრდელა ბოკერიამ გერმანიის ელჩის მიმართ. პირველად მოხდა ეს, მას შემდეგ, რაც კომუნისტები რეიგანზე უზრდელობდნენ. 80-იანი წლების და 70-იანი წლების ბოლშევიკებისა და კომუნისტების დონეზეა ჩარჩენილი ბოკერია. გოიმს როცა ვეძახით ბოკერიას, ეს შეფასება და ფაქტის კონსტანტაციაა. იმიტომ, რომ გოიმობაა, როდესაც ქვეყანას ყავს ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც არ იცის, როგორ ილაპარაკოს გერმანიის ელჩზე და არ თქვას, რომ შარშია გერმანიის ელჩი და დაკარგული თარგმანში", — განაცხადა კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

ეს შეფასებები კობახიძემ მაშინ გააკეთა, როდესაც წამყვანამა ოპოზიციის მხრიდან შესაძლო სამართლებრივ დავაზე ჰკითხა მათდამი სიძულვილის ენის გამოხატვის გამო. კობახიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია სასამართლოში ვერ იჩივლებს, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ეს პოლიტიკური განცხადებები და ფაქტის კონსტანტაციაა, რადგან ნაციონალური მოძრაობა "კრიმინალური ოპოზიციაა".

მისი თქმით, ენმ-ს დეპუტატი რომან გოცირიძე, რომელმაც შესაძლო სამართლებრივ რეაგირებაზე ისაუბრა არც იურისტია, რომ სასამართლოს მიმართოს და "არც კომპეტენტურია".

"კრიმინალური ოპოზიცია? სასამართლოს როგორ უნდა მიმართონ ამასთან დაკავშირებით? რომან გოცირიძე არც იურისტია და არც კომპეტენტური კაცია ზოგადად. კუპონით არის ცნობლი მთელი თავისი ბიოგრაფიის მანძილზე და იურისტი მითუმეტეს არ არის. შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადება.

შეფასებითიც კი არ არის, როდესაც კრიმინალურ ოპოზიციას ვუწოდებთ ნაცმოძრაობას თავისი კლასტერებით, ეს ფაქტის კონსტანტაციაა. ეს არის ჭაკუების პოლიტიკური პარტია, რურუების პოლიტიკური პარტია, უგულავების პოლიტიკური პატია. ესენი არიან ცნობილი კრიმინალები, სასამართლოს მიერ მსჯავრდებული კრიმინალები: სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ა.შ." — განაცხადა მან.

მმართველი გუნდი სხვადასხვა დროს ოპოზიციას "ხალხის მტრებად", "პოლიტიკურ გოიმებად", "კურდღლებად" მოიხსენიებდა. ამიტომ, შესაძლოა, ნაციონალურმა მოძრაობამ სიძულვილის ენის გამოყენების გამო ქართული ოცნების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. პარტიაში ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა მმართველი პარტიის მხრიდან გამოყენებული სიძულვილის ენის გამო საერთაშორისო პარტრნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიმართავსაც გეგმავენ.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, ხელისუფლება საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას ხელს უწყობს. მისივე თქმით, ხელისუფლება არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ, მხოლოდ ივანიშვილს ესაუბრება და ამ სიძულვილის ენასაც მხოლოდ მის გასაგონად, საამებლად იყენებს.