მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდისთვის 25 ავტობუსი შეიძინა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდისთვის 25 ავტობუსი შეიძინა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს "Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.-თან“ ხელშეკრულება გააფორმა.

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ეტაპობრივად, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში უზრუნველყოს ას ჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი და ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსების მოწოდება. პროექტის ფარგლებში გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ქუთაისს - 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10 -10 ავტობუსი გადაეცემა.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.

ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ზუგდიდის მერმა 1 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ახალი ტრანსპორტის შემოსვლის პარალელურად, გაიზრდება მარშრუტების რაოდენობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში და გახანგრძლივდება ტრანსპორტის მუშაობა.