ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტალსაში შაბათს საღამოს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგი გაიმართა

ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტალსაში შაბათს საღამოს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგი გაიმართა

ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტალსაში შაბათს საღამოს ათასობით ადამიანი შეიკრიბა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგზე.

ეს პრეზიდენტის მონაწილეობით გამართული პირველი მასობრივი ღონისძიებაა მას შემდეგ, რაც მარტის შუა რიცხვებში აშშ-ში საკარანტინო აკრძალვები გამოცხადდა კორონავირუსის პანდემიის გამო.

თავის გამოსვლაში, რომელიც საათნახევარს გაგრძელდა, პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა არჩევნებში თავისი ოპონენტი - დემოკრატი ჯო ბაიდენი, ასევე პრესა და „რადიკალი მემარცხენეები“.

იგი შეეხო უკანასკნელი კვირების განმავლობაში აშშ-ში გამართულ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც მოჰყვა მინესოტაში აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს პოლიციის მიერ დაკავების შედეგად. ტრამპმა განაცხადა, რომ ის არის „კანონისა და წესრიგის“ პრეზიდენტი და დაგმო დემონსტრანტების მიერ ძეგლების ჩამოგდება და ამერიკის დროშების დაწვა.

მიტინგში მონაწილეობისთვის მილიონამდე ადამიანი დარეგისტრირდა ინტერნეტით, მაგრამ საბოლოოდ ნაკლები ხალხი გამოცხადდა, ვიდრე ტრამპის საარჩევნო კამპანიის ორგანიზატორები ელოდნენ. ტალსას არენაზე, სადაც გამოდიოდა პრეზიდენტი, ბევრი იყო ცარიელი ადგილი, არენის შენობის წინ მიტინგი კი გაუქმდა. ტრამპის კამპანიამ ხალხის სიმცირე ახსნა „დაშინების კამპანიით“ მისი ოპონენტების მხრიდან.

მედიის თანახმად, როლი ითამაშა ასევე კორონავიირუსის ინფექციასთან დაკავშირებულმა შიშმა. უკანასკნელ ხანებში ოკლაჰომაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა აღინიშნება, რაც ასევე იწვევს პრეზიდენტის მისამართით კრიტიკას. შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტალსაში მიტინგის მონაწილეებს ინფიცირების გაზრდილი საფრთხე ემუქრებათ. მიტინგის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი აღმოაჩნდა ტრამპის საარჩევნო შტაბის ექვს თანამშრომელს.

მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს ყველაზე დიდი მიტინგი იყო მარტიდან მოყოლებული, როცა კორონავირუსის გამო შეწყდა საჯარო ღონისძიებები.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ცხადყოფს, რომ დონალდ ტრამპი ჩამორჩება თავის მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან - ჯო ბაიდენს.