ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის თქმით, რუსეთს მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს

ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის თქმით, რუსეთს მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს თავის მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს. მან ვლადიმერ პუტინის გამონათქვამები შეაფასა, რომელიც რუსეთი. კრემლი. პუტინის ფილმში ინტერვიუს დროს გაჟღერდა.

"არა, რუსეთს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები თავის მეზობლებთან", — თქვა პესკოვი.

პროსახელისუფლებო გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, პუტინმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ზოგიერთმა ქვეყანამ რუსული მიწები "წაიღო", რომელიც მათ "საჩუქრად ერგოთ".

როგორც პესკოვი განმარტავს, ფილმში პუტინი საუბრობს არა რუსეთის ტერიტორიულ პრეტენზიებზე, არამედ იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საჭიროა, მათ შორის იმისთვის, რომ სსრკ-ს კონსტიტუციის შეცდომები არ განმეორდეს. ამასთან, პესკოვმა არ დააზუსტა, რომელ ქვეყნებზე ჰქონდა საუბარი პუტინს.

გარდა ამისა, პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს ტერიტორიული საკითხი დსთ-ს ქვეყნის წევრებთან წამოჭრას.

რუსეთს, რომელზეც პესკოვი ამბობს, რომ "ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს", მეზობელი ქვეყნების რეგიონები აქვს ოკუპირებული და ანექსირებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2014 წელს უკანონო რეფერენდუმის შედეგად რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და უკანონოდ შეიერთა.