ოცნებას ლობისტებში გადახდილი მილიარდები ვერ გადაარჩენს - ნათელაშვილი

ოცნებას ლობისტებში გადახდილი მილიარდები ვერ გადაარჩენს - ნათელაშვილი

ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა, ასე წერია ამერიკის სტრატეგიული უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში და რაც არ უნდა ეცადოს "ოცნება", ის საერთაშორისო რეპუტაციას ვეღარ გადაარჩენს - ასე აფასებს ოპოზიცია 13 კონგრესმენის ხელმოწერილ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის მოხსენიების საპასუხოდ "ოცნების" ლობისტური კომპანიის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილ წერილს. 

  • ძალიან მძიმედ არის სურათი აღქმული, რაც ქვეყანაში მიდის და დაზიანებულია ძალიან რეპუტაციის მმართველი პარტია და პირადად ივანიშვილი, ამიტომ მცდელობა ლობისტების, რომელიც ყავს ქართულ ოცნებას დაქირავებული, და შეუძლია ბევრი ჰყავდეს, რა თქმა უნდა იქნება, - ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, ასეთი ტიპის ლობისტები ჰყავდა ასლან აბაშიძეს, მუამარ კადაფის, სადამ ჰუსეინს და ა.შ.

  • ამ ლობისტებმა, მიუხედავად დახარჯული მილიარდებისა, ვერ შეძლეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა ამ სამარცხვინო რეჟიმებთან და დიქტატორებთან, - ამბობს ნათელაშვილი.

მისი ხაზგასმით, სწორედ ამ კლასტერში შედის სოლოლაკის თავმოჭრილი მმართველი, რომელსაც ერთადერთი მფარველი მოსკოვში, პუტინის სახით დარჩა.

არსებული მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" წელიწადში 1,200 ათას დოლარს უხდიან ორ ლობისტურ კომპანიას, ჰოგან ლოველს და დი სი აი გრუპს.