პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. ცვლილებებს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კენჭირსყრის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭრდნენ: ემზარ კვიციანი, ნატო ჩხეიძე, ბიძინა გეგიძე, დავით ჭიჭინაძე და ალექსანდრე ერქვანია. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ნაციონალურ მოძრაობასაც. ასევე, ცნობილი იყო, რომ უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.

აღნიშნულ შეთანხმებას ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიპლომატების შუამავლობით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 8 მარტს მიაღწიეს.

ცვლილება შეეხება საარჩევნო ბარიერსაც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე პარტიას პარლამენტში მოსახვედრად მოსახლეობის 5%-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა, ახალი სისტემით 1%-იანი ბარიერის გადალახვაც საკმარისი იქნება.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ, ე.წ. 40%-იანი ჩამკეტის შემოღებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პარლამენტში კი მოხვდება, მაგრამ მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

რაც შეეხება ოლქებს, ცნობილია, რომ თბილისში 8 სამაჟორიტარო ოლქი იქნება.

საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის ივნისში პირობა გასცა, რომ ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა, თუმცა ნოემბერში აღნიშნული ცვლილელები პარლამენტში თავად ქართულმა ოცნებამ ჩააგდო.