მორიგი "ტრიუკი" - იპოდრომის გაყიდვით ოლიგარქმა სავარაუდოდ 60 მილიონი გაათეთრა

მორიგი "ტრიუკი" - იპოდრომის გაყიდვით ოლიგარქმა სავარაუდოდ 60 მილიონი გაათეთრა

ბიძინა ივანიშვილმა 60 მილიონ ლარად ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ერთდროულად გაყიდა და იყიდა კიდეც. სქემა ასე ლაგდება - 10 წლის წინ იპოდრომი კომპანია "ინვესტ კაპიტალს" ეკუთვნოდა, რომლის ხელმძღვანელი კახა კობიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ნათესავი იყო. “ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელი”. 2020 წლის 19 ივნისს კი ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქართუს" მფლობელობაში გადავიდა.

რატომ დასჭირდა კიდევ ერთი პატარა ტრიუკის ჩატარება ბიძინა ივანიშვილს? ოპოზიცია ეჭვობს, რომ საქმე ფულის გათეთრებას ან ე.წ შავი ფულის საარჩევნოდ გამოყენებას ემსახურება.

ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში ქონების გადატანით მიღებული სარგებელი როგორც აღმოჩნდა ივანიშვილების ოჯახში ნაცადი პრაქტიკაა.

2017 წელს  შპს ურეკი რეზიდენსი ბიძინა ივანიშვილმა ორმაგი - საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ბერა ივანიშვილს, საკუთარ შვილს 4 მილიონად მიჰყიდა, ხელშეკრულებით კი 14 კალენდარულ დღეში თანხის უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვა მოსთხოვა. აქაც ფულის გათეთრებას ხედავს ლევან ხაბეიშველი და შესაბამის უწყებებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. 

მმართველ გუნდში  ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ. ნათელა თურნავა ბიძინა ივანიშვილის ტერიტორიებით ვაჭრობას ბნელ ოთახში კატის ძებნას ადარებს და ოპოზიციის კითხვებს ამორალურს უწოდებს. 

კითხვები არსებობს კიდევ ერთი ტერიტორიის ირგვლივ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წლების წინ იყიდა. საუბარია ლაგუნა ვერეზე. 

ამ ქონების  ყიდვა-გაყიდვაც ოფშორულ კომპანიებს უკავშირდება. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია შპს ლიზინგ ოცდამეერთეს, რომელიც ბანკი ქართუს მისამართზეა რეგისტრირებული, “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასაწყობე კომპლექსი ეკუთვნოდა. 2020 წლის ამონაწერით კი ლაგუნა ვერეს ტერიტორია სააქციო საზოგადოება ლაგუნა ვერას ეკუთვნის, მისი იპოთეკარი კი ბანკი ქართუა.  

რა მიზნით იყიდა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია და არის თუ არა ეს ფულის გათეთრების მაგალითი? ფონდ ქართუში კომენტარი არ გააკეთეს და მოგვიანებით განცხადება გაავრცელეს, სადაც ოპოზიციისა და საზოგადოების კითხვებს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის გაყიდვასთან დაკავშირებით, ხელოვნურად წარმოქმნილი აჟიოტაჟი უწოდეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდის ყველაზე მსხვილი შემომწირველი ბიძინა ივანიშვილის ოჯახია და აქამდე მის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები არავის გასჩენია. საკითხის ირგვლივ დასმული კითხვების ნაცვლად კი განცხადებაში მხოლოდ ფონდისა და მისი კეთილშობილური მიზნების შესახებაა საუბარი.