"რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით" — ვოლსკიმ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

"რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით" — ვოლსკიმ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა. მედიის კითხვაზე საპასუხოდ გიორგი ვოლსკიმ თქვა:

"რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით".

ჟურნალისტმა დეპუტატს კახა კალაძის ახალი პროექტის შესახებ ჰკითხეს, რომელიც, მისი მტკიცებით ფეიქნიუსთან ბრძოლას ემსახურება. ვოლსკი კითხვის შემდეგ დაინტერესდა, რომელ მედიას წარმოადგენდა ჟურნალისტი. მან მთავარ არხს უთხრა, რომ მათ კითხვებზე ზოგადად "პასუხს არ იძლევა", მაგრამ ყველას გასაგონად იტყვის. ამის შემდეგ, დეპუტატმა თქვა:

"თქვენ გინდათ, რომ ყველას ტალახი მიასხათ და პასუხი ჩათვალეთ მედიაზე ზეწოლად, ეს აღარ გაგივათ უკვე, დამთავრდა".

ჟურნალისტი დეპუტატს ჩაეკითხა, ხელისუფლების ეს პასუხიც არის თუ არა ასევე "ტალახის მისხმა", რაზეც ვოლსკიმ თქვა, რომ პასუხი ფეიქნიუსის პრაქტიკულად გამოაშკარავებაა.

"რა ნიშნის მოგებით მელაპარაკებით, ვერ გავიგე. ტყუილებს რომ გაავრცელებთ, მიიღებთ პასუხს", — უთხრა ვოლსკიმ ჟურნალისტს.

ამის შემდეგ მას ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტმა ჰკითხა, რამდენად ნორმალურია ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება. ვოლსკის პასუხი ასეთი იყო:

"რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით. ტყუილი თქვით, დააბრალეთ ადამიანს და პასუხს გაძლევთ. ეს ფეიქნიუსების საამქრო რო გაქვთ თუ ცეხი გახსნილი, რა არი, ვერ გავიგე. რა გეწყინათ ამისთანა, პასუხი გაგცეს რა".