როგორც ირკვევა, ზოგიერთი დინოზავრი კანიბალიზმს მისდევდა

როგორც ირკვევა, ზოგიერთი დინოზავრი კანიბალიზმს მისდევდა

იურული პერიოდის ძვლების უმეტესობაზე აღმოჩენილმა ნაკბენების დიდმა რაოდენობამ გვიჩვენა, რომ მტაცებელი დინოზავრები — ალოზავრები სხვადასხვა ტერიტორიაზე ცხოველთა ნარჩენებით, მათ შორის თავად ალოზავრებით, ხშირად იკვებებოდნენ.

ტენესის უნივერსიტეტის მკვლევრის, სტეფანი დრამჰელერის მიხედვით, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ვიფიქრებთ, რომ კანიბალიზმი მტაცებელ დინოზავრებში იშვიათი მოვლენა იყო, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.

დრამჰელერის გუნდმა კოლორადოში ნაპოვნი 150 მილიონი წლის უნიკალური ნამარხი შეისწავლა. როგორც წესი, გათხრების დროს ნაპოვნი საკმაოდ ბევრი ძვალი ჩვენამდე ვერ აღწევს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. დასავლეთ კოლორადოს მუზეუმის წევრმა ჯულია მაკჰიუგმა ნამარხიდან თითოეული ძვლის მოპოვება შეძლო. 2 368 ძვლიდან 30%-ს ნაკბენების ნიშნები ეტყობოდა, რაც ნორმალურთან შედარებით უფრო მაღალი მაჩვენებელია.

"მსგავსი მაჩვენებელი დინოზავრებისთვის საკმაოდ უცნაურია", — განაცხადა დრამჰელერმა.

გუნდის აზრით, ნაკბენების უმეტესობა ალოზავრებს ეკუთვნით, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მტაცებლები იყვნენ. საკმაოდ ბევრი ნაკბენი კი თავად ალოზავრების ძვლებზეც იპოვეს.

რატომ იყო ლეშისმჭამელობა და კანიბალიზმი ამ ტერიტორიებზე გავრცელებული ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, მტაცებლებს კანიბალიზმი სწორედ გარემომ აიძულა.

კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით კი, ეს ძვლები ნორმას ასახავს. როგორც წესი, გათხრების დროს დაზიანებულ ძვლებს იქვე ტოვებენ, რაც საერთო სურათის დანახვაში გვიშლის ხელს. დრამჰელერის აზრით, ყველა ნაპოვნი ძვლის შეგროვება აუცილებელია, თუმცა ეს საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძვლები ისეთ მასიურ სახეობას ეკუთვნის, როგორიც ალოზავრია.