საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.

თვითდასაქმებულები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა. აღნიშნულ პირებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ.

26 ივნისის, საქართველოს მთავრობის #388 დადგენილების თანახმად საქართველოს მთავრობის #286 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით, ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (შსს) გაცემული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე.

29 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 156 186 პირი. მათგან 104 547 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი.