სამოქალაქო საზოგადოება მარკ ცუკერბერგს საგანგებო წერილს უგზავნის

სამოქალაქო საზოგადოება მარკ ცუკერბერგს საგანგებო წერილს უგზავნის

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ფეისბუქის ადმინისტრაციას  მიმართავს - მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები მარკ ცუკერბერგს საგანგებო წერილს უგზავნიან.

სამოქალაქო საზოგადოების მთავარი თხოვნა სოციალური ქსელის ადმინისტრაციისადმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფებისა და უცხო ქვეყნის აქტორების მიერ „ფეისბუქზე“ დეზინფორმაციისა გავრცელების თავიდან არიდებაა.

რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს, რაშიც დახვეწილ საინფორმაციო ოპერაციებსა და დეზინფორმაცის გავრცელებას იარაღად იყენებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. „ფეისბუქს” აქვს შანსი მტკიცე ქმედებებით და საინფორმაციო გარემოს დაცვის გზით პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს ამ არჩევნებზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის „ფეისბუქის“ ხელთ არსებული მექანიზმები, - ვკითხულობთ განცხადებაში.

წერილს ხელს დამოუკიდებელი მედიისა და თითქმის ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აწერენ.

  • დაახლოებით 47-მა ორგანიზაციამ, მათ შორის 37-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 10-მა მედია საშუალებამ მივმართეთ ფეისბუქს, რომ მან დროულად აამოქმედოს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის და ზოგადად საარჩევნოდ შესაბამისი გამჭვირვალობის სტანდარტები საქართველოში, - ამბობს ISFED-ის დირექტორი მიხეილ ბენიძე.

მისი თქმით, ფეისბუქი, რომელიც ყველაზე აქტიური და მსხვილი სოციალური ქსელია, ძალიან ხშირად გამოიყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად.