სასამართლომ პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰასან დოგანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. ბრალდების მხარე 30 წლის მამაკაცს 109-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში გულისხმობს. დაკავებულს, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი დავით სვიანაძე გუშინ ღამით, საკუთარ სახლში მოკლეს. მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა, რომელიც მოკლულის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.