ტრამპმა ანტირასისტული პროტესტის მონაწილეები გააკრიტიკა და ძეგლების ჩამოგდება "კულტურის განადგურებად" შეაფასა

ტრამპმა ანტირასისტული პროტესტის მონაწილეები გააკრიტიკა და ძეგლების ჩამოგდება "კულტურის განადგურებად" შეაფასა

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ წინასწარ ღონისძიებას სამხრეთ დაკოტაში, რაშმორის მთის მემორიალთან დაესწრო. BBC-ის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აშშ-ში რასობრივი თანასწორობის დემონსტრაციებს "დაუნდობელი კამპანია" უწოდა, რათა "წაიშალოს ისტორია, შეურაცხყონ გმირები, გააქრონ ღირებულებები და თავისუფალი აზროვნება წაართვან ბავშვებს".

"ჩვენ არ გავჩუმდებით", — თქვა ტრამპმა..

ჯანდაცვის წარმომადგენლების გაფრთხილების მიუხედავად, ღონისძიებაზე ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო არ ყოფილა. Reuters წერს, რომ ღია ამფითეატრში 7 500-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.

როგორც BBC წერს, სადავო იყო ჩატარების ადგილიც. რაშმორის მემორიალზე გამოსახულია აშშ-ს ოთხი პრეზიდენტის სახე. ორი მათგანია ჯორჯ ვაშინგტონი და თომას ჯეფერსონი, რომლებიც მონათმფლობელები იყვნენ. მთა, ასევე არის იმ მიწაზე, რომელიც 1800 წელს ადგილობრივ მკვიდრებს აშშ-ს მთავრობამ წაართვა.

პრეზიდენტმა რაშმორის მემორილაზე საუბრისას განაცხადა, რომ სამხრეთ დაკოტის ეს მონუმენტი სამუდამოდ დარჩება, როგორც წინაპრებისა და თავისუფლების სამარადისო პატივისცემის ნიშანი:

"ამ ძეგლს ვერასოდეს გაუტეხენ სახელს და ამ გმირებს ვერასდროს წაბილწავენ".

დონალდ ტრამპმა, ასევე დაამატა, რომ ის ადამიანები, რომლებიც "ეროვნული მემკვიდრების სიმბოლოებს" უმიზნებენ, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.