ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ფრენების აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ფრენების აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საერთაშორისო ფრენების აღდგენის კონკრეტულ თარიღსა და სექტორსითვის შემუშავებული კონკრეტული პროტოკოლის გამოქვეყნებას ითხოვდნენ.

გიდების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, ალეკო გიორგიძე ამბობს, რომ კოვიდინფექციის საფრთხე ესმით, თუმცა ტურიზმის სექტორში ათასობით ადამიანია დასაქმებული და ამიტომ, ტურისტების შემოსვლა მნიშნველოვანი.

"ქვეყანა სრულად ვერ ჩაიკეტება, რადგან სრული ეკონომიკური კოლაფსი და კატასტროფა გველოდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესი, რომელიც ქვეყანას ასე თუ ისე ამუშავებდა, ის ჩაკეტილია. ეს ვერანაირად ვერ მოხდება ფრენების აღდგენის გარეშე. რაც არ უნდა რეგულაციები დავაწესოთ და ვილაპარაკოთ შიგნით, თუ ფრენები არ აღდგა და ტურისტი არ ჩამოვიდა, აზრი არ ექნება არაფერს. აქ ათასობით ადამიანის სამუშაოზეა საუბარი და შემდეგ კიდევ რეგულაციებს უნდა მოაყოლონ კონკრეტული პროტოკოლი, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწერილა", — განუცხადა რუსთავი 2-ს ალეკო გიორგიძემ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ლევან რევაზიშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში ფრენების აღდგენას მწვანე ზონის ქვეყნებთან ითხოვენ.

"ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავითვალისწინოთ... ჩვენ ვითხოვთ, რომ რა დაპირებაც გაიცა, რომ ერთ-ერთი პირველები ვიქნებოდით, ვინც ტურიზმს აღვადგენდით — ეს დაპირება შესრულდეს. შესრულდეს ყოველგვარი წესების დაცვით და რაც შეიძლება მალე", — განაცხადა ლევან რევაზიშვილმა.

საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრების გახსნა პირველ ივლისს იყო დაგეგმილი. მთავრობის წარმომადგენლები რამდენიმე კვირის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებოდით, ვინც საზღვრებს გახსნიდა, თუმცა ასე არ მოხდა და პროცესი 31 ივლისამდე გადაიდო. ახლა მთავრობაში აცხადებენ, რომ ტურისტების მიღების შემთხვევაში, არსებობს ეპიდაფეთქების საფრთხე, რაც უფრო მეტად დააზარალებს ეკონომიკას.