შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი: "არცერთ კადრში არ ჩანს არასრულწლოვნის ძალადობა"

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი: "არცერთ კადრში არ ჩანს არასრულწლოვნის ძალადობა"

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ინტერესების დამცველი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის კონფლიქტში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფენ ასევე მოწმეები.

"გუშინ, ჩვენ ღამის 11:30 წუთზე გადმოგვეცა აღნიშნული მტკიცებულებები. ფაქტობრივად, დაცვის მხარეს იმის საშუალება არ მოგვეცა, რომ პირველი წარდგენილი სხდომისთვის მოვმზადებულიყავით და ჩვენი არგუმენტაცია სასამართლოსთვის მიგვეწოდებინა - ეს ცალკე, ერთი დარღვევა. რაც შეეხება ჩვენებებსა და საქმის მასალებს, საკმაოდ მოზრდილი ტომი მხოლოდ ჩვენებები შეიკერება ამ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან. გარწმუნებთ, არც ერთი მოწმე არ საუბრობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი პირი რომელიმე კონფლიქტში მონაწილეობდა. არცერთი მოწმე არ საუბრობს ჩემი დაცვის ქვე მყოფ პირზე, რომ მან ვინმეს რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ჩვენ გადმოგვეცა კადრები, სადაც მითითებულია ბრალდების მხარის ახსნა-განმარტებით, რომ ძალადობა იყო. არცერთ კადრში არ ჩანს არასრულწლოვნის ძალადობა და მისი რაიმე სახის კონფლიქტში ჩართვა", - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, გურამ ამირხანაშვილს არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება აქვს მიცემული. ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, კითხვა ჩნდება, რომელ ჩვენებას დაუჯერა პროკურატურამ.

"ახლა ხელში მაქვს ოთხი გამოკითხვის ოქმი. ეს არის 19 ივნისის,21, 23 და 25 ივნისის გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის ოქმი, სადაც ის საუბრობს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც მცხეთასთან არსებულ ხიდთან შეხვდნენ. არის კიდევ მეორე ჩვენება, სადაც გურამ ამირხანაშვილი საუბრობს, რომ მის მიმართ არანაირი იძულება არ ყოფილა. ეს ჩვენებებია და შემიძლია დეტალურად გაჩვენოთ. ანუ, რასთან გვაქვს საქმე? გურამ ამირხანაშვილის არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებაა. ისმის კითხვა, რომელ ჩვენებას ვუჯერებთ, რომელ ჩვენებას დაუჯერა პროკურატურამ და რატომ დაუჯერა იმ ჩვენებას, სადაც ამბობს, რომ თითქოს იძულების წესით წაიყვანეს ზემოთ აღნიშნულმა პირებმა თბილისში. არცერთ ჩვენებაში არ საუბრობს, რომ რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენეს ავტომობილში აღნიშნულმა პირებმა, არცერთ შემთხვევაში არ საუბრობს, რომ ვინმე მას ფიზიკურად გაუსწორდა. სად არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სად გადის ზღვარი თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თბილისში ჩაყვანას შორის. ასე რომ, მსგავსი ჩვენების საფუძველზე არასრულწლოვანს რომ ბრალს წაუყენებ, რომლის სანქციაც 7-დან 10 წლამდე ითვალისწინებს, ეს იმას ნიშნავს,რომ ჩვენ არასრულწლოვნის ინტერესებს არ ვითვალისწინებთ. გურამ ამირხანაშვილმა არ დაადასტურა, რომ არასრულწლოვანმა მას რაიმე სახის დაზიანება მიაყენა ან კონფლიქტში იყო ჩართული", - აცხადებს გიორგი გელხაური.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ტარდება. სხდომა დახურულია.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.