„შენი შვილი ცოცხალია“ - უცნობი დედა-შვილის შეხვედრა 42 წლის შემდეგ

„შენი შვილი ცოცხალია“ - უცნობი დედა-შვილის შეხვედრა 42 წლის შემდეგ

დედამ 19 წლის გოგონა აიძულა, აბორტი გაეკეთებინა და ექიმებს ნაყოფის სამედიცინო ნარჩენებში გადაგდება მოსთხოვა, მაგრამ...

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. მელისა ოჰდენი 14 წლის იყო, როდესაც შეიტყო, რომ ის წარუმატებელი აბორტის შედეგად მოევლინა ქვეყანას, და რომ ექიმებს მაშინ მისი სამედიცინო ნარჩენებში გადაგდების მითითება ჰქონდათ, წერს გამოცემა The Sun-ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, 1970-იან წლებში 19 წლის რუთმა, როდესაც ის შვიდი თვის ორსული იყო, დედის ძალდატანებით აბორტი გაიკეთა, მაგრამ ოპერაცია წარუმატებელი გამოდგა და ბავშვი ცოცხალი დაიბადა. რუთის დედამ ექიმებს კატეგორიულად მოსთხოვა, არ გაემხილათ შვილისთვის, რომ ბავშვი ცოცხალი დაიბადა და მისი სამედიცინო ნარჩენებში გადაგდება მოითხოვა.

მაგრამ ორ მედდას, რომლებიც ოპერაციას ესწრებოდნენ, შეეცოდათ ახალშობილი გოგონა და გადაგდების ნაცვლად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ორი თვის შემდეგ ჯანმრთელი გოგონა რონისა და ლინდას ოჯახმა იშვილა, რომლებსაც იმ მომენტისთვის უკვე ჰყავდათ ოთხი წლის ქალიშვილი ტემი.

რონმა და ლინდამ ნაშვილებ ბავშვს მელისა დაარქვეს და მართლაც ბედნიერი ბავშვობა აჩუქეს. მართალია, მშობლებს არ დაუმალავთ მელისასათვის, რომ ის ნაშვილები იყო, მაგრამ გოგონა ამაზე არ ნერვიულობდა. ფიქრობდა, რომ მისი ბიოლოგიური დედა არასრულწლოვანი იყო, როცა დაორსულდა და ამიტომ გაააშვილა.

მაგრამ ერთ დღეს, როდესაც მისი (მელისასა შემოკლებული სახელი) 14 წლის იყო, დასთან კამათი მოუვიდა და გაბრაზებულმა ტემიმ წამოაძახა, შენგან განსხვავებით, მშობლებს ჩემი გაჩენა უნდოდათო.

გულნატკენმა მისიმ ტირილი დაიწყო და დედა ლინდა იძულებული გახდა, სიმართლე ეთქვა მისთვის.

მელისა ცდილობდა, გულში ჩაეკლა თავისი ტკივილი, მაგრამ ემოციების გაკონტროლება ვერ შეძლო და სმა დაიწყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ თავს ძალა დაატანა 19 წლისამ ბილოგიური მშობლების ძებნა დაიწყო.

მალე მამის ვინაობა დაადგინა და მასთან დაკავშირება სცადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კაცი უკვე გარდაცვლილიყო. სამაგიეროდ ცოცხალი იყო მამის მამა, რომელსაც მელისა დაუმეგობრდა კიდეც.

ამის შემდეგ მელისამ ბიოლოგიური დედის მშობლების ვინაობაც დაადგინა, მაგრამ მერე ისიც გაიგო, რომ რუთს მათთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ძებნას შეეშვა.

2013 წელს მისის მოულოდნელად დაუკავშირდა რუთის ბიძაშვილი. ქალმა გადაწყვიტა, შეეხვედრებინა ერთმანეთისთვის უცნობი დედა და შვილი და უკვე 62 წლის რუთს გაუმხილა, რომ მისი გოგონა აბორტს გადაურჩა და ცოცხალია.

დედა და შვილი სამი წლის განმავლობაში წერილობით ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, მაგრამ რუთი ვერა და ვერ პოულობდა მორალურ ძალას, შეხვედროდა თავის დროზე სასიკვდილოდ განწირულ შვილს.

ბოლოს, 2016 წელს ისინი ზოოპარკში შეხვდნენ. დედა-შვილი ერთმანეთს გადაეხვია და დიდი ხნის განმავლობაში ეხუტებოდნენ ერთმანეთს.

მას შემდეგ აღარ დაშორებულან. ორივე ერთ ქალაქში, კანზას-სიტიში ცხოვრობს და მელისას შვილები რუთს ბებიას ეძახიან.

უფრო მეტიც, 42 წლის შემდეგ გაცნობილმა დედა-შვილმა აღმოაჩინა, რომ საოცრად ჰგვანან ერთმანეთს არა მარტო ფიზიკური მახასიათებლებით, არამედ სხვა თვისებებითაც.