ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - "ოცნებისა" და ოპოზიციის განსხვავებული შეხედულებები

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - "ოცნებისა" და ოპოზიციის განსხვავებული შეხედულებები

საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლიდან მეორე დღეს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის კორექტირება დაიწყო. სქელტანიან ცვლილებათა პაკეტში კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების ყველა რეკომენდაციაა ასახული, თუმცა "ოცნების" პოლიტიკურმა ოპონენტებმა ინიცირებულ დოკუმენტში ვერ იპოვეს ის საკვანძო ცვლილებები, რომლებიც გადამწყვეტ არჩევნებზე პოლიტიკურ ძალადობასა და მოსყიდვის ფაქტებს შეაკავებს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ასეულობით ფურცელი და არცერთი სიტყვა ძალადობისა და ამომრჩევლის მოსყიდვის პრაქტიკის შეზღუდვაზე. ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოხვდა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საკვანძო საკითხები მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ ცვლილების პროექტში. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ კორცხელის მსგავს ძალადობას ისევ წაახალისებს. საზოგადოებას კი კვლავ არ ექნება განმარტებები საარჩევნოდ გაცემულ არარეალურ დაპირებებზე.

ცვლილებების ავტორი ირაკლი კობახიძე დღეს სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინეს. მათ შორის, "ქართული ოცნება" პირობას დებს, რომ შემოდგომაზე საარჩევნო უბნებთან მისულ ამომრჩეველს - უბნებთან აღარ დახვდებიან აგიტატორები. ცვლილებების პროექტში წერია, რომ პარტიების კოორდინატორებისთვის აგიტაციის შეზღუდვა საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში იმოქმედებს. ოპოზიცია ამ დისტანციის 50 მეტრამდე გაზრდას ითხოვს.

იცვლება პარტიების დაფინანსების წესიც. პოლიტიკური სუბიექტები ბიუჯეტიდან თანხას არჩევნებზე აღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მიიღებენ. თუმცა, ეს ცვლილება 2020 წლის არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. პედაგოგებზე, აიპებისა და სსიპების თანამშრომლებზე გავრცელდება იგივე შეზღუდვა, რაც საჯარო მოხელეებზე - ისინი კამპანიაში და აგიტაციაში სამუშაო საათების დროს ვერ ჩაერთვებიან. უფასო საეთერო დროს კი ვერცერთი პარტია ერთმანეთის სასარგებლოდ ვეღარ დათმობს.

საარჩევნო კოდექსში ასახულია კვოტირების საკითხიც. პარტიებმა პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა ჩაწერონ. "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ამით უთანასწორობა აღმოიფხვრება და ქალთა წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში გაიზრდება.