12 წლის სალომე ტატიშვილის სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული ჩეხეთმა საქართველოს გადმოსცა

12 წლის სალომე ტატიშვილის სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული ჩეხეთმა საქართველოს გადმოსცა

სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალდებული, ძებნილი გიორგი ლიპარტელიანი ჩეხეთის მხარემ საქართველოს გადმოსცა - ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით გ.ლ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მასზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით“,- ნათქვამია გენარალური პროკურატურის განცხადებაში.

სალომე ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში სრიალისას დაიღუპა. მას 20 წლის გიორგი ლიპარტელიანი ზურგიდან შეეჯახა. 2017 წლის 29 დეკემბერს, საქალაქო სასამართლომ გიორგი ლიპარტელიანს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. 2018 წლის 25 აპრილს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ტატიშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი და მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ სცნო სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით და 3 წლით პატიმრობა მიესაჯა. სხდომას არ დასწრებია გიორგი ლიპარტელიანი. ის პრაღაში სასწავლებლად იმყოფებოდა.