15 წლის გოგოს ადევნებისა და მუქარისთვის პატიმრობა პროკურატურამ მამის FB პოსტის შემდეგ მოითხოვა

15 წლის გოგოს ადევნებისა და მუქარისთვის პატიმრობა პროკურატურამ მამის FB პოსტის შემდეგ მოითხოვა

სოციალურ ქსელ ფეისბუქში მშობლის პოსტი გავრცელდა, სადაც მამა ყვება, რომ მის 15 წლის შვილს კაცი მოკვლით ემუქრებოდა თუ ცოლად არ გაჰყვებოდა. მამა ამბობს, რომ ბავშვი კაცს ფსიქოლოგიურ წნეხში ჰყავდა.

მშობელი წერს, რომ ერთ დღეს კაცი თანმხლებ პირებთან ერთად ბავშვს სახლის სადარბაზოსთან დახვდა. მამა ამბობს, რომ პოლიციას 12 დღის წინ მიმართა, თუმცა სავარაუდო დამნაშავე ისევ თავისუფალია.

"პოლიციის შესასვლელთან დამხვდა ეს ტიპი მომღიმარი ცინიკური სახით. წამის მეასედი დამაკლდა ალბათ რომ იქვე ჩამედო მიწაში. რა თქმა უნდა, ისევ გაიწელა აქ საქმე და სადღაც 3 საათი დავყავით განყოფილებაში, ეს ტიპი სხვა ოთახში ყავდათ სანამ ჩვენს საქმეს ასრულებდნენ. და რაც მთავარია, როდესაც გარეთ ვიდექით ეს პიროვნება ფანჯრიდან ხან ტაშს გვიკრავდა ხან გვიღიმოდა-მიზანმიმართული პროვოკაციას ასრულებდა", — წერს მამა.

პოსტის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანი გოგოს მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

უწყების ინფორმაციით, რ.ნ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ. არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების ფეისბუქის და Instagram-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

ასევე, რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში", — წერია უწყების განცხადებაში.

უწყება წერს, რომ 2020 წლის 13 თებერვალს არასრულწლოვანმა ბრალდებულისგან სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 17 ივნისს თ.ჭ. დაზარალებულად იქნა ცნობილი.