NYT: რუსეთმა თალიბანთან დაკავშირებულ ძალებს აშშ-ს სამხედროების მოკვლისთვის ჯილდო შესთავაზა

NYT: რუსეთმა თალიბანთან დაკავშირებულ ძალებს აშშ-ს სამხედროების მოკვლისთვის ჯილდო შესთავაზა

New York Timesოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ანონიმურად წერს, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო დანაყოფმა თალიბანთან დაკავშირებულ სამხედროებს ავღანეთში კოალიციური ძალების, მათ შორის, ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის საიდუმლოდ შესთავაზა ჯილდო.

თვეების წინ აშშ-მა გაიგო, რომ რუსულმა დანაყოფმა გასულ წელს წარმატებული თავდასხმებისთვის მათ ფარულად შესთავაზეს ჯილდო. აღნიშნული დანაყოფი დაკავშირებულია ევროპაში მკვლელობების მცდელობასთან და სხვა საიდუმლო ოპერაციებთან, რაც დასავლეთის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.

გამოცემა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ მთავრობის შეფასებით, ეს დანაყოფი 29155-ის ხელობაა - რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს, GRU-ს დანაყოფის.

გამოცემა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ისლამისტმა სამხედროებმა ან მათთან ახლოს დაკავშირებულმა კრიმინალურმა ელემენტებმა, სავარაუდოდ, ჯილდოს სახით ფულის გარკვეული რაოდენობა მიიღეს.

"2019 წელს ავღანეთში 20 ამერიკელი მოკლეს, თუმცა, უცნობია რომელ მკვლელობებს აყენებენ ეჭვქვეშ," - წერს გამოცემა.

ოფიციალური პირის თქმით, სადაზვერვო სამსახურის მიგნებები უკვე აცნობეს პრეზიდენტ ტრამპს და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საკითხი მარტის ბოლოს განიხილა. ოფიციალურმა პირებმა შეიმუშავეს პოტენციური საპასუხო ქმედებების ვარიანტები - დაწყებული მოსკოვისადმი დიპლომატიური საჩივრით, რათა ეს შეჩერდეს, ასევე, სანქციები და სხვა შესაძლო საპასუხო ნაბიჯები. ანონიმური წყაროს ცნობით, თეთრ სახლს ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამს.

NYT წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც რუსეთის შპიონთა დანაყოფი დასავლეთის ჯარისკაცებზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა.

პუტინის სპიკერმა, დმიტირი პესკოვმა, განაცხადა, რომ თუ ვინმე ასეთ ბრალდებებს წარადგენს, რუსეთი ამას უპასუხებს.

ოფიციალურმა პირებმა ანონიმურად თქვეს, რომ ადმინისტრაციამ აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი ამ კვირაში გააფართოვა და ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობასაც გაუზიარა. სავარაუდოდ, ბრიტანული ძალები თავდასხმის სამიზნე იყო.

29 თებერვალს აშშ-მა და დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რომლის მიხედვითაც მათ თავდასხმები უნდა შეემცირებინათ და ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყოთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში თავდასხმები არ წყდება.

შეგახსენებთ, რომ The New York Times გასულ წელს წერდა, რომ დანაყოფი 29155 ბოლო ათწლეულია მოქმედებს და დასავლეთმა მხოლოდ ახლახანს აღმოაჩინა. დანაყოფის მეთაური გენერალ-მაიორი ანდრეი ავერიანოვია. GRU-ს დანაყოფის შტაბბინა მოსკოვში, სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის შენობაში იყო.

2017 წელს გადაღებულ ფოტოში ანდრეი ავერიანოვი დაფიქსირებუია ანატოლი ჩეპიგასთან ერთად, რომელიც სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია. ავერიანოვმა 2015 წელს რუსეთის გმირის მედალიც მიიღო. ეს მედალი მიღებული აქვთ სკრიპალის მოწამვლაში ორივე ეჭვმიტანილს.

GRU-ს ყოფილი აგენტი, რომელსაც ინფორმაცია აქვს 29155 დანაყოფის შესახებ გამოცემასთან ამბობს, რომ მათ მიზანს დივერსიის შექმნა და ჯგუფური თუ ინდივიდუალური მკვლელობების, დაბომბვების და სხვა ტიპის თავდასხმების ორგანიზება წარმოადგენს. ის ადასტურებს რუსი ბლოგერის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების ავთენტურობას, რომლებშიც დანაყოფის სათაო ოფისში სხვადასხვა ტიპის იარაღი ჩანს.

გამოცემის გამოძიებაში საუბარია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარების მცდელობაზეც, რომელთანაც GRU-ს ორი კიბერ დანაყოფი, ცნობილი როგორც 26165 და 74455 არის დაკავშირებული. მათ ეროვნული დემოკრატიული კომიტეტისა და ჰილარი კლინტონის კამპანიის სერვერები გატეხეს და შემდეგ მოპარული ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

მათგან განსხვავებით 29155 დანაყოფის ოფიცრები ევროპულ ქვეყნებში მუშაობენ. გამოძიების მიხედვით მათი ნაწილი ავღანეთის, ჩეჩნეთის და უკრაინის კონფლიქტების ვეტერანია. დასავლელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დანაყოფის ოპერაციები ისეა გასაიდუმლოებული, რომ მის შესახებ ინფორმაცია GRU-ს სხვა ნაწილებსაც არ აქვთ მასზე წვდომა.

2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამ დანაყოფს, მათ შორის 29155-ს და 74455-ს "სამხედრო სამსახურში სპეციალური მიღწევებისათვის" ბონუსები გადასცა. მესამე დანაყოფი არის 99450, რომელიც სავარაუდოდ 2014 წელს ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა.

ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ 29155 ერთადერთი დანაყოფი არაა, რომელიც მსგავს ოპერაციებს ატარებს. 2006 წელს ალექსანდერ ლიტვინენკოს მოწამვლაში და მკვლელობაში ბრიტანეთი რუსეთი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს.

2019 წელს Le Monde წერდა, რომ დანაყოფი 29155 რომელიც The New York Times-ის გამოძიებამ ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, ასევე ბულგარელი იარაღით მოვაჭრის მკვლელობის მცდელობასთან და მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების ჩაშლილ მცდელობასთან დააკავშირდა, ამ და სხვა ოპერაციებს საფრანგეთის ალპების ზემო სავოიას რეგიონის სხვადასხვა ქალაქიდან გეგმავდა და ახორციელებდა.