PHR პოლიციის მხრიდან ბავშვზე სავარაუდო ძალადობასა და დაზიანებებზე საუბრობს

PHR პოლიციის მხრიდან ბავშვზე სავარაუდო ძალადობასა და დაზიანებებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) პოლიციის მხრიდან ბავშვზე ძალადობაზე საუბრობს. მათივე თქმით, პოლიციის მხრიდან უკანონო ძალის გამოყენების დროს მოზარდმა დაზიანებებიც მიიღო.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 18 ივნისს საღამოს საათებში 16 წლის ბავშვი დედის დასახმარებლად მიდიოდა, რა დროსაც პოლიციამ ის უსაფუძვლოდ დააკავა, სამართალდამცავებს არც ვინაობა წარუდგენიათ და არც გაჩერების მიზეზი აუხსნიათ. PHR-ის თქმით, მოზარდს პირადობის მოწმობა მოსთხოვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ იყო არასრულწლოვანი და პირადობის მოწმობა ჯერ არ ჰქონდა აღებული.

"მიუხედავად იმისა რომ პოლიციელებისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ უსაფუძვლოდ შეჩერებული პირი იყო ბავშვი, კვლავ გააგრძელეს ჩვენი შეფასებით უკანონო ქმედებები. კერძოდ, საფუძვლის გარეშე ჩაუტარეს ზედაპირული შემოწმება და სცადეს ფოტოსურათის გადაღება. მას შემდეგ რაც ბავშვმა მათ შესაბამისი საფუძვლის მითითება მოსთხოვა, პოლიციელები გაღიზიანდნენ და დაემუქრნენ მას პოლიციის განყოფილებაში გადაყვანით. ბავშვმა მათ უთხრა, რომ რამდენიმე წუთში მოვიდოდა მისი მშობელი (დედა) და მასთან ერთად დალაპარაკებოდნენ", — აღნიშნავს ორგანიზაცია თავის განცხადებაში.

PHR-ის განმარტებით, პოლიციელები არ დაელოდნენ ბავშვის მშობლებს, არ ჩაურთავთ სოციალური მუშაკი და სავარაუდოდ უკანონო ძალის გამოყენებით შეეცადნენ ბავშვის მანქანაში ჩასმას:

"მიუხედავად იმისა რომ ბავშვმა თავი შეუძლოდ იგრძნო და პოლიციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისკენ მოუწოდებდნენ შეკრებილი მოქალაქეებიც, სამართალდამცავები აგრძელებდნენ ძალის გამოყენებით ბავშვის მანქანაში ჩასმას. საბოლოოდ ბავშვმა მოქალაქეების დახმარებით შეძლო განრიდებოდა პოლიციელებს. პოლიციის მხრიდან სავარაუდოდ უკანონო ძალის გამოყენების შედეგად ბავშვმა სხეულის დაზიანებები მიიღო".

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამასთან, PHR-მა გამოძიების დაწყების მოთხოვნით დამატებით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ითხოვა მტკიცებულებების დაუყოვნებლივ შეგროვება, თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა.

"ვინაიდან საქმეში ფიგურირებენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები არსებობს მტკიცებულებათა განადგურების მაღალი რისკი, შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების დაწყების ხელოვნურად დაყოვნება საფრთხის ქვეშ აყენებს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და ზიანს აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.