ხანძრის შემდეგ ავსტრალიის ველური ბუნების პარკში პირველი კოალა დაიბადა

ხანძრის შემდეგ ავსტრალიის ველური ბუნების პარკში პირველი კოალა დაიბადა

მას შემდეგ, რაც გასულ წელს ავსტრალიის ტყეებში რამდენიმე თვის განმავლობაში ხანძარი მძვინვარებდა, ველური ბუნების პარკში პირველი კოალა დაიბადა.

პატარა კოალა, რომელსაც ეში (Ash) დაარქვეს, ისეთი პატარაა, რომ ჯერ კიდევ დედის ჩანთაში იზრდება და ამის ამსახველი პირველი კადრებიც პარკმა თავის ფეიბუქგვერდზე გაავრცელა.

"განსაკუთრებული სიახლე გვაქვს... ამ სეზონის პირველი კოალა დედის ჩანთიდან გამოიჭყიტა, რომ მოგესალმოთ!" — ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.

ეს განსაკუთრებულად სასიხარულო ამბავია მთელი ავსტრალიისთვის, რადგან ხანძარმა, რომელიც გასული წლის მეორე ნახევარში დაიწყო და რამდენიმე თვის განმავლობაში მძვინვარებდა, სხვა მასშტაბურ ზარალთან ერთად ენდემური სახეობების არსებობას შეუქმნა საფრთხე.

განსაკუთრებით დაზარალდნენ კოალები: ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვარაუდობდნენ, რომ ეს ფაქტი კოალების გადაშენებას შეუწყობდა ხელს. ამის გამო სპეციალისტებთან ერთად რიგითი მოხალისეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, რომ უმწეო კოალები ხანძარს გაერიდებინათ.

მათ შორის ინტერნეტში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ვიდეომ, რომელშიც ასახულია კადრები, თუ როგორ შევარდა ცეცხლმოკიდებულ ტყეში ავსტრალიელი ქალი კოალის გადასარჩენად.

ახალშობილი კოალის დედა

მრავალი მცდელობის მიუხედავად, ხანძრის შედეგები მაინც წარმოუდგენლად საგანგაშო აღმოჩნდა: ახალი კვლევის თანახმად, ხანძარმა 5 000-ზე მეტი კოალა შეიწირა.

შესაბამისად, გადაშენების პირას არსებული სახეობის ყველა ახალი წევრის დაბადება არა მხოლოდ ავსტრალიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ ბუნებრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას კლიმატის ცვლილების პირობებშიც შევძლებთ.