
10 ქვეყანა, რომელიც ერთი მოსწავლის განათლებაზე ყველაზე მეტს ხარჯავს
განათლებაზე გლობალური ხარჯები ქვეყნებს შორის მკვეთრ სხვაობას კვლავაც აჩვენებს - ეს სხვაობა თვალსაჩინოა არა მხოლოდ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს, არამედ თავად მოწინავე სახელმწიფოებს შორისაც.
მაშინ, როცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში ერთ მოსწავლეზე საშუალო ხარჯი დაახლოებით 15 000 დოლარია, რამდენიმე სახელმწიფო ამ ნიშნულს ბევრად სცდება. ისინი ადამიანური კაპიტალის განვითარებაში სოლიდური რესურსების ჩადებას გრძელვადიან ეკონომიკურ პრიორიტეტად მიიჩნევენ.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგანმანათლებლო მონაცემთა ბაზის ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით, გთავაზობთ 10 ქვეყანას, რომლებიც 2026 წელს ერთ მოსწავლეზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ:
1. ლუქსემბურგი - 31 439 დოლარიამ მაჩვენებლით ლუქსემბურგი უპირობო ლიდერია და ყველა სხვა სახელმწიფოს საგრძნობლად უსწრებს. მცირე მოსახლეობა, ძლიერი ფინანსური ბაზა და ორიენტაცია ხარისხიან, მულტილინგვალურ (მრავალენოვან) განათლებაზე - სწორედ ეს განაპირობებს ერთ მოსწავლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალ ინვესტიციას. ამასთან, აქ მასწავლებლების ანაზღაურებაც ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია გლობალურად.
2. ნორვეგია - 22 558 დოლარინორვეგიის ბიუჯეტი ქვეყნის საყოველთაო კეთილდღეობის მოდელს ასახავს, სადაც განათლება საზოგადოებრივ სიკეთედ მიიჩნევა. სტაბილური დაფინანსება უზრუნველყოფს მცირერიცხოვან კლასებს, პედაგოგთა მაღალ ანაზღაურებას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას როგორც ქალაქებში, ისე შორეულ რეგიონებში.
3. ავსტრია - 20 942 დოლარიავსტრია წარმატებით აერთიანებს მყარ სახელმწიფო დაფინანსებასა და კარგად სტრუქტურირებულ აკადემიურ თუ პროფესიულ სისტემას. ერთ მოსწავლეზე გაწერილი მაღალი ბიუჯეტით ფინანსდება ორმაგი განათლების მოდელი, რომელიც ფორმალურ სწავლებასა და პრაქტიკულ სტაჟირებას ერთმანეთთან აკავშირებს.
4. აშშ - 20 387 დოლარიმიუხედავად დეცენტრალიზებული სტრუქტურისა, ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერთა შორის რჩება. მართალია, დაფინანსება შტატებისა და ოლქების მიხედვით საგრძნობლად განსხვავდება, თუმცა ჯამური ინვესტიციები ხმარდება თანამედროვე ლაბორატორიებს, წამყვან კვლევით ინსტიტუტებსა და უმაღლესი განათლების სექტორს, რომელიც მსოფლიოში წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.
5. სამხრეთ კორეა - 19 805 დოლარისამხრეთ კორეის საგანმანათლებლო სისტემაში ერთმანეთს ერწყმის ძლიერი სახელმწიფო დაფინანსება და მნიშვნელოვანი კერძო დანახარჯები. საბიუჯეტო დაფინანსებას ემატება მრავალფეროვანი სკოლისგარეშე საგანმანათლებლო პროგრამები, რაც ქვეყანაში უკიდურესად კონკურენტულ აკადემიურ გარემოს აძლიერებს.
6. დანია - 19 229 დოლარიდანიისთვის პრიორიტეტი თანაბარი ხელმისაწვდომობა და მოსწავლეთა კეთილდღეობაა. ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა ხელს უწყობს თანამშრომლობას, კრეატიულობასა და სოციალურ მხარდაჭერას, რასაც ზურგს მუდმივი სახელმწიფო ინვესტიციები უმაგრებს.
7. ნიდერლანდები - 19 186 დოლარინიდერლანდები სტაბილურად ინარჩუნებს მაღალ ხარჯებს და ამავდროულად სწავლის მაღალ შედეგებს აჩვენებს. ქვეყანაში დაფინანსება ხმარდება მოქნილ სისტემას, რომელიც მოსწავლეებს ადრეულ ასაკშივე აძლევს აკადემიური ან პროფესიული მიმართულებით სპეციალიზაციის საშუალებას.
8. გაერთიანებული სამეფო - 19 072 დოლარიგაერთიანებულ სამეფოში საგანმანათლებლო ხარჯები მაღალ ნიშნულზეა, განსაკუთრებით - უმაღლესი განათლებისა და კვლევების მიმართულებით. თუმცა, ქვეყანაში კვლავ აქტუალურია შეშფოთება საჯარო სკოლების დაფინანსების პრობლემებსა და რეგიონულ უთანასწორობასთან დაკავშირებით.
9. ბელგია - 19 024 დოლარიბელგიის საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ლინგვისტურ (ენობრივ) თემებადაა დაყოფილი, კვლავაც სოლიდურად ფინანსდება. გამოყოფილი ინვესტიციები ხმარდება ძლიერ სკოლამდელ განათლებასა და მრავალფეროვან საშუალო სკოლებს.
10. კანადა - 18 733 დოლარიათეულს კანადა ხურავს, რომელიც სტაბილურად მაღალ ინვესტიციას დებს თითოეულ მოსწავლეში. კანადის დეცენტრალიზებული საგანმანათლებლო მოდელი შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს, განსაკუთრებით წიგნიერებისა და თანასწორობის კუთხით, რითაც ის მსოფლიო ლიდერების გვერდით დგას.
BM.GE
წყარო: bm.ge