მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 10 ქვეყანა/ტერიტორია, რომლის ეკონომიკაც ტურიზმზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული
10 ქვეყანა/ტერიტორია, რომლის ეკონომიკაც ტურიზმზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული

10 ქვეყანა/ტერიტორია, რომლის ეკონომიკაც ტურიზმზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული

BM.GE16 მაისი, 2026, 10:00|bm.ge

2025 წელს საზღვარგარეთ 1.5 მილიარდზე მეტმა საერთაშორისო ტურისტმა იმოგზაურა, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ტურიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური ინდუსტრიის მნიშვნელობას. ვარაუდობენ, რომ 2025 წელს ტურიზმმა გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 11.7 ტრილიონი დოლარი შეიტანა.

ტურიზმის, როგორც შემოსავლის წყაროს მნიშვნელობა, სხვადასხვა ქვეყნისთვის რადიკალურად განსხვავებულია. ზოგისთვის ის მხოლოდ დამატებითი შემოსავალია, ზოგისთვის კი - ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელზეც ქვეყნის არსებობა თითქმის სრულადაა დამოკიდებული.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის შემოსავლების და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებლების გამოყენებით, წარმოგიდგენთ 10 მიმართულებას, სადაც მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმს ყველაზე მაღალი წილი უჭირავს.

10) სენტ-კიტსი და ნევისი - მშპ-ის 32.9%

კარიბის ზღვის აუზში მდებარე ეს ორკუნძულიანი სახელმწიფო ვულკანური ამოფრქვევების შედეგად შეიქმნა. სენტ-კიტსი და ნევისი წელიწადში 250,000-მდე ვიზიტორს იღებს, რომლებსაც აქაური თბილი კლიმატი, გამორჩეული პლაჟები და ტროპიკული ტყეები იზიდავთ. ტურისტებითვის საინტერესოა დედაქალაქი ბასტერიც თავისი მუზეუმებითა და ბაზრობებით.

9) ბაჰამის კუნძულები - მშპ-ის 35%

ბაჰამის კუნძულები 16 კუნძულს მოიცავს და სტუმრებს ტიპურ კარიბულ გარემოს სთავაზობს: თბილ კლიმატს, მდიდრულ პლაჟებს, ულამაზეს ბუნებასა და დაივინგისთვის საუკეთესო პირობებს. აქ ვიზიტორების დაახლოებით 85% აშშ-დან ჩამოდის. ტურისტების უმეტესობას ოჯახები ან ასაკოვანი, პენსიაზე გასული წყვილები წარმოადგენენ.

დედაქალაქი ნასაუ საკრუიზო გემების მთავარი ჰაბია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 3.7 მილიონ მგზავრს იღებს.

8) სეიშელის კუნძულები - მშპ-ის 46.6%

სეიშელი ინდოეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროსთან მდებარე 115 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია. მიუხედავად იმისა, რომ სეიშელი აფრიკის ყველაზე პატარა ქვეყანაა, ის ტურისტებს ბევრ სანახაობას სთავაზობს. სეიშელის კუნძულები ყოველწლიურად დაახლოებით 350,000 საერთაშორისო ტურისტს იღებს, რაც მისი მოსახლეობის რაოდენობას ოთხჯერ აღემატება. ტურისტების უმეტესობა ევროპიდანაა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი გერმანიაზე მოდის.

7) ანტიგუა და ბარბუდა - მშპ-ის 47.8%

ანტიგუა და ბარბუდა თავისი 365 საჯარო სანაპიროთი, მათ შორის „ჯოლი ბიჩითაა“ ცნობილი. ანტიგუაზე მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - ნელსონის გემთმშენებელი ქარხანა, რომელიც გეორგიანული ეპოქის საგანძურია და დღემდე ფუნქციონირებს. ტურისტების უმეტესობა აქ აშშ-დან ჩამოდის, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი და კანადა.

6) გრენადა - მშპ-ის 48.1%

გრენადა კარიბის ზღვის „სანელებლების კუნძულის“ სახელითაა ცნობილი. ნოყიერი ვულკანური ნიადაგი და ტროპიკული კლიმატი მას ისეთი სანელებლების მსხვილ მწარმოებლად აქცევს, როგორიცაა დარიჩინი, ჯინჯერი და კაკაო. თუმცა ეკონომიკის მთავარი საყრდენი მაინც ტურიზმია. დედაქალაქ სენტ-ჯორჯესში მდებარე 3-კილომეტრიანი „გრანდ ანსის“ პლაჟი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სანაპიროდ ხშირად სახელდება. ისევე როგორც სიაში მყოფ სხვა კარიბულ ქვეყნებში, აქაც სტუმრების უმეტესობა აშშ-დან ჩამოდის, თუმცა ბევრი ტურისტი სტუმრობს დიდი ბრიტანეთიდან და კანადიდანაც.

5) სენტ-ლუსია - მშპ-ის 53%

ხუთეულს სენტ-ლუსია ხსნის, რომლის ეკონომიკური შემოსავლის ნახევარზე მეტი ტურიზმზე მოდის. მთელი წლის განმავლობაში საშუალოდ 27 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურით, სუფთა პლაჟებითა და ბუნებრივი ლოკაციებით, სენტ-ლუსია საერთაშორისო ტურისტებისთვის უდიდეს მიზიდულობის ცენტრს წარმოადგენს და წელიწადში მილიონზე მეტ ვიზიტორს იღებს.

4) ანდორა - მშპ-ის 66.5%

საფრანგეთსა და ესპანეთს შორის, პირინეს მთებში მდებარე ანდორა სათხილამურო ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილია და ევროპელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზაფხულშიც კი, როცა თოვლი დნება, ქვეყანა ტურისტებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს, როგორებიცაა ლაშქრობა, ველოსპორტი და ბუნებაში სეირნობა. ანდორას ყოველწლიურად 8-10 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ჰყავს.

3) მალდივის კუნძულები - მშპ-ის 68.1%

ფირუზისფერი წყლები, რბილი თეთრი ქვიშა და საზღვაო ბიომრავალფეროვნება - 2025 წელს მალდივებმა რეკორდული რაოდენობის, 2.2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო. ტურისტების უმეტესობა არა დასავლეთიდან, არამედ ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოდის. საინტერესოა, რომ მალდივებზე სპეციალურად გამოყოფილი 187 ტურისტული კუნძულიდან, თითოეულზე მხოლოდ ერთი სასტუმროა განთავსებული.

2) არუბა - მშპ-ის 69.7%

არუბა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში შედის და ცნობილია, როგორც “ბედნიერი კუნძული“, ყოველწლიურად მილიონზე მეტ ვიზიტორს იღებს. სტუმრების უმეტესობა ჩრდილოეთ ამერიკიდან ჩამოდის, რათა მუდმივი მზით, მდიდრული პლაჟებითა და მხიარული ჰოლანდიურ-კარიბული კულტურით დატკბნენ.

1) მაკაო - მშპ-ის 70.8%

ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი - მაკაო, სიის სათავეშია. მას ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს მსოფლიოში, რითაც მკვეთრად განსხვავდება ამ სიაში მყოფი სხვა ქვეყნების უმეტესობისგან. გარდა ამისა, მაკაო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია.

აქ ქვიშიან პლაჟებს კაზინოები ანაცვლებს. მაკაო მსოფლიოს აზარტული თამაშების დედაქალაქად ითვლება - ჯერ კიდევ 2013 წელს მისი სათამაშო ინდუსტრია 7-ჯერ აღემატებოდა ლას-ვეგასისას. ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ ის ერთადერთი ადგილია ჩინეთში, სადაც აზარტული თამაშები ლეგალურია, რაც უამრავ მდიდარ მოთამაშეს იზიდავს. 2025 წელს სათამაშო ბიზნესიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა კოლოსალური 33.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური

BM.GE

წელს მოცვის მოსავალი 10 000 ტონას მიაღწევს - სექტორი ფასების ზრდას ელის

წელს მოცვის მოსავალი 10 000 ტონას მიაღწევს - სექტორი ფასების ზრდას ელის

BM.GE

მთავრობა რეგიონებში მიუსაფარი ძაღლების იდენტიფიცირებისთვის 102,092 მიკროჩიპს ყიდულობს

მთავრობა რეგიონებში მიუსაფარი ძაღლების იდენტიფიცირებისთვის 102,092 მიკროჩიპს ყიდულობს

BM.GE

"შემდეგი 3-5 წელი ვიმოძრავებთ ხელოვნური ინტელექტის და სუპერ აპების განვითარებისკენ" - "ალდაგი"

"შემდეგი 3-5 წელი ვიმოძრავებთ ხელოვნური ინტელექტის და სუპერ აპების განვითარებისკენ" - "ალდაგი"

BM.GE