
120 სატვირთო ვაგონის შესყიდვაზე რკინიგზის ტენდერი ჩავარდა - ყველა მონაწილე დისკვალიფიცირებულია
120 სატვირთო ვაგონის შესყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა.
2026 წლის 24 თებერვალს გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 17.4 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ერთი ვაგონის შესყიდვას რკინიგზა დაახლოებით 145 ათას ლარად გეგმავს.
ტენდერში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომპანიამ, ესენია - შპს ვაგონმშენებელი კომპანია; შპს ინსპირეიშენ; შპს უნი-2; შპს ტრანსკო ვაგონი. მათ შორის ყველაზე დაბალი ფასი 16.4 მილიონი ლარი შპს ინსპირეიშენმა წარადგინა, თუმცა ისიც და ყველა სხვა მონაწილეც სატენდერო პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო დისკვალიფიცირდა. მთავარი მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილებაც იყო სავალდებულო, უკავშირდებოდა ვაგონის ძარის დამზადების თარიღს - რკინიგზა ითხოვდა, რომ ვაგონები არაუადრეს 2025 წელს ყოფილიყო დამზადებული.
“ვაგონის ყველა დეტალი და კვანძი, მათ შორის ურიკის სხმული დეტალები (რესორზედა ძელი, გვერდითი ჩარჩო), РУ1Ш-957-Г ტიპის წყვილთვლები, ავტოგადაბმულობა, მშთამნთქმელი აპარატები, ავტორეჟიმები და სამუხრუჭე მოწყობილობები უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, დამზადებული არაუადრეს 2025 წელს. ურიკის სხმული დეტალების აშენების წელი არ უნდა იყოს ნაკლები ვაგონის აშენების წელზე. РУ1Ш-957-Г ტიპის წყვილთვლები დამზადებული უნდა იყოს ახალი არაუადრეს 2025 წელს წარმოებული ღერძებით და თვლებით. დამზადების წლები უნდა დასტურდებოდეს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტით”, - ნათქვამია სატენდერო პირობებში.
ანალოგიური შესყიდვა რკინიგზამ 2025 წლის ნოემბერშიც გამოაცხადა, თანაც მაშინ შესასყიდი ფასი 20.1 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის გამო ტენდერი შეწყდა და 2026 წლის თებერვალში თავიდან გამოცხადდა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ რკინიგზა ამ ვაგონების შესყიდვას 2023 წელსაც გეგმავდა, რისთვისაც 2023 წლის დეკემბერში 300 ვაგონის შესყიდვის მიზნით, 55 მილიონი ლარის ღირებულებით თუმცა, აღნიშნული ტენდერი არ შედგა რადგან წინადადება არცერთმა კომპანიამ არ დააფიქსირა. ასევე 2023 წლის ოქტომბერშიც, თუმცა მაშინ რკინიგზამ ერთადერთ კომპანიას, რომელმაც წინადადება დააფიქსირა დისკვალიფიკაცია მიანიჭა.