
"2025 წელი ჩვენი სადაზღვევო ბიზნესის გარდატეხაში მნიშვნელოვანი იყო" - "ალდაგის" გენდირექტორი მიზეზებზე
სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" დირექტორის გიორგი ბარათაშვილი განცხადებით, 2025 წელი მათი სადაზღვევო ჯგუფისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მისი თქმით, კომპანიამ მომხმარებელთა სეგმენტაციასა და სწორ პოზიციონირებაზე გააკეთა აქცენტი, რამაც დაზღვევის პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე მორგებული გახადა. ბარათაშვილი სამ ფაქტორს ასახელებს, რამაც მისი თქმით, ჯგუფის 25%-იანი ზრდა განაპირობა.
"2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო ზოგადად ჩვენი სადაზღვევო ბიზნესის გარდატეხაში. პირველ რიგში [ამის მიზეზი იყო] სწორი პოზიციონირება და კლიენტების სეგმენტაცია. „არდის“, „იმედი L“-ის, „ალდაგის“ წლის ამოცანაც არის ზუსტად ის, რომ პოზიციონირება გააკეთოს იმ კლიენტებზე, რომლისთვისაც ეს კომპანიები არის მორგებული. დაწყებული პრემიალური სერვისიდან, დამთავრებული მასობრივი პროდუქტებით. გარდა ამისა, ჩვენ წლებია, გვესმოდა, რომ სადაზღვევო სერვისები რთულია. პროდუქტები გავხადეთ ხელმისაწვდომი, ანუ მასობრივად დავიწყეთ ხელმისაწვდომობის გაზრდა და ამან გამოიწვია ზუსტად ის, რომ ჯანმრთელობის საცალო დაზღვევაში 48%-იანი ზრდა გვაქვს. ანუ ადამიანებმა დაიწყეს რეალურად გაცნობიერება, რომ დაზღვევა არის რისკის მართვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება.
კიდევ ძალიან დიდი გარდამტეხი მომენტი, რაც ინდუსტრიაში მოხდა და ჩვენი ჯგუფის სტრატეგია იყო, არის ის, რომ დავიწყეთ ძალიან სერიოზული ყურება სერვისზე - NPS-ზე (Net Promoter Score), ანუ იმაზე, თუ რა არის მთავარი ადამიანისთვის, რატომ ყიდულობს ამ ჯგუფში შემავალი ნებისმიერი კომპანიის პროდუქტს და ა.შ.. ჩვენ მაგალითად „არდიში“ გვაქვს 80%-იანი NPS, რაც ინდუსტრიაში უპრეცედენტოა. აგრეთვე, „იმედი L“-შიც მაღალი გვაქვს და „ალდაგშიც“ 80%-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველ მომხმარებელზე ვზრუნავთ ისე, რომ რასაც დაჰპირდა სადაზღვევო კომპანია, ის შეასრულოს. დღეს 1500 ადამიანია დასაქმებული ჩვენთან, რაც სადაზღვევო ინდუსტრიაში სამჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა კომპანია. ამ ადამიანებმა შეძლეს ის, რომ მომხმარებლებს მიაწოდეს ის პროდუქტი, რომელიც მათთვის იყო საჭირო.
აგრეთვე, გარდატეხაში ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე როცა 9000 აშშ დოლარს აჭარბებს (და ეს საქართველოში მოხდა შარშან), აქ უკვე არის გარდამტეხი მომენტი, რომ ადამიანებმა დაიწყონ დაზღვევის ყიდვა. ეს მომენტუმიც დაგვემთხვა ჩვენ", - განმარტა გიორგი ბარათაშვილმა.
კომპანიის შედეგებზე საუბრისას, ბარათაშვილმა საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, "ალდაგი" გახდა პირველი ქართული კომპანია სადაზღვევო სექტორში, რომელმაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო AM Best-ისგან საინვესტიციო რეიტინგი მიიღო.
ბარათაშვილის განცხადებით, კომპანიამ თავდაპირველად „B“ რეიტინგი მიიღო, ხოლო მოგვიანებით რეიტინგი „B+“-მდე გაუუმჯობესდა, რაც საინვესტიციო კატეგორიას წარმოადგენს.
მისივე თქმით, კომპანია რეზერვებს კანონით მოთხოვნილ მინიმალურ ზღვარზე მნიშვნელოვნად მაღლა — 170%-ზე მეტ დონეზე ინარჩუნებს, რაც კორპორატიული კლიენტებისთვის დამატებითი ფინანსური სტაბილურობის გარანტიას ქმნის.
BM.GE
წყარო: bm.ge