
2026 წლის 10 ყველაზე გავლენიანი AI კომპანია ჟურნალ TIME-ის მიხედვით
წელს ჟურნალ TIME-ის რედაქციამ ახალი რეიტინგი - "TIME100 კომპანიები: ინდუსტრიის ლიდერები" წარადგინა.
ეს უკვე არსებული რეიტინგის ("TIME100 ყველაზე გავლენიანი კომპანია") გაფართოებაა და 20 სხვადასხვა სექტორში სიღრმისეულად იკვლევს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთ ინდუსტრიებს აყალიბებენ.
წარმოგიდგენთ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში 10 ყველაზე გავლენიან კომპანიას:
ByteDance - ჩინეთის ფარგლებს გარეთ ძირითადად TikTok-ის შემქმნელად ცნობილი ByteDance-ი დღეს AI-ზე ორიენტირებულ ტექნოლოგიურ გიგანტად იქცა. მისი პროდუქტები მოიცავს ჩატბოტებს, გამოსახულებისა და ვიდეოს გენერირების ხელსაწყოებსა და ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას. ByteDance-ის სამომავლო გეზის ყველაზე ნათელი მაგალითია მისი AI ასისტენტი Doubao, რომელმაც 155 მილიონზე მეტი ყოველკვირეული აქტიური მომხმარებელი დააგროვა. ეს ჩინეთს იმ პირველ ქვეყნებს შორის აქცევს, რომლებიც AI ასისტენტებს მასობრივ ბაზარზე იყენებენ. პეკინში ბაზირებული კომპანიის ღირებულება, ბოლოდროინდელი ტრანზაქციების მიხედვით, 550 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
Amazon - Amazon-მა თავისი იმპერია ელექტრონულ კომერციასა და ღრუბლოვან გამოთვლებზე ააშენა. ახლა ის AI ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ყალიბდება. 2025 წლის ბოლოს კომპანიამ აამოქმედა "პროექტი რენირი" (Project Rainier) - ერთ-ერთი უდიდესი AI გამოთვლითი კლასტერი, რომელიც 485 ჰექტარზე განთავსებულ უზარმაზარ კომპლექსს წარმოადგენს. მონაცემთა ცენტრები აღჭურვილია Amazon-ის მიერ შექმნილი 500 000 Trainium2 ჩიპით, რომლებიც Anthropic-ის AI მოდელების მუშაობას უზრუნველყოფენ. 2023 წლიდან Amazon-მა ამ სტარტაპში 13 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.
Zhipu - თუ DeepSeek-მა დაამტკიცა, რომ ჩინურ კომპანიებს მოწინავე AI-ის შესაქმნელად მილიარდობით დოლარის გარე ინვესტიცია არ სჭირდებათ, Zhipu AI ამტკიცებს, რომ მათ არც დასავლური ჩიპები სჭირდებათ. იანვარში, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე 558 მილიონი დოლარის მოცულობის IPO-ს შემდეგ, Zhipu პირველი ჩინური დიდი ენობრივი მოდელების (LLM) კომპანია გახდა, რომელიც საჯარო ბირჟაზე გავიდა. თებერვალში კომპანიამ წარადგინა GLM-5, რომელმაც გარკვეულ ტესტებში გადაუსწრო ისეთ კონკურენტებს, როგორიცაა Google-ის Gemini 3 Pro და პროგრამირებისა თუ აგენტური ამოცანების შესრულებისას მიუახლოვდა Claude Opus 4.5-სა და OpenAI-ს GPT-5.2-ს. Zhipu-ს მოდელებს უკვე იყენებს 4 მილიონზე მეტი კორპორატიული მომხმარებელი და დეველოპერი 218 ქვეყნიდან და რეგიონიდან.
OpenAI - სილიკონ ველის სტანდარტებითაც კი, OpenAI-ის მასშტაბები გამორჩეულია. მარტში კომპანიამ 122 მილიარდი დოლარის დაფინანსების რაუნდი დახურა, რითაც მისი შეფასება 852 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. ChatGPT-ს ამჟამად 900 მილიონზე მეტი ყოველკვირეული აქტიური მომხმარებელი ჰყავს, კომპანიის შემოსავალმა კი თვეში 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი კონკურენტები, როგორიცაა Anthropic და Google, ძლიერ ზეწოლას ახდენენ, OpenAI რჩება იმ კომპანიად, რომელიც AI-ის დანერგვის ტემპს განსაზღვრავს - მისი გავლენა მომხმარებლებზე, დეველოპერებსა და ბიზნესზე ერთნაირად ვრცელდება.
Alphabet - მართალია, სუნდარ პიჩაი სხვა ტექნოლოგიური დირექტორების მსგავსად ფართო მასებისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ მას Google-ის AI ინდუსტრიაში დაბრუნებაში ცენტრალური როლი უკავია. ათი წლის წინ მან განაცხადა, რომ Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი "AI-ზე ორიენტირებული" კომპანია გახდებოდა და ამისთვის საფუძვლის ჩაყრა დაიწყო. 2022 წელს კონკურენტი OpenAI-ის აღზევების შემდეგ, პიჩაიმ შიდა ტექნოლოგიურ რბოლას უხელმძღვანელა (რაშიც გადამწყვეტი როლი AI განყოფილებამ, Google DeepMind-მა ითამაშა). ამან Google-ის Gemini-ი შესაძლებლობების რეიტინგების სათავეში მოაქცია. ამ ფსონმა გაამართლა: Google-ის წლიურმა შემოსავალმა პირველად გადააჭარბა 400 მილიარდ დოლარს და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად იქცა.
Meta - 2025 წელს Meta-მ რეკორდული სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც ნაწილობრივ იმ უზარმაზარი მონაცემების გამოთვლითი სიმძლავრეებით დამუშავების შედეგია, რომლებიც მან თავისი სოციალური ქსელებიდან შეაგროვა. კომპანია იმედოვნებს, რომ მილიარდობით დოლარი, რომელიც მკვლევრებსა და ახალ მონაცემთა ცენტრებში ჩადო, კიდევ უფრო განვითარებულ AI მოდელებად გარდაიქმნება.
Anthropic - Anthropic-ის Claude-ი პირველი მოწინავე AI სისტემა იყო, რომელიც გასაიდუმლოებული ქსელებისთვის დაუშვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის იანვარში ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაში გამოიყენეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი - ირანზე აშშ-ის დარტყმებისას.
Alibaba Group - ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Alibaba სამ წელზე ნაკლებ დროში ღია კოდის მქონე AI-ის დომინანტური ძალა გახდა. მისმა Qwen-ის სერიამ 1 მილიარდზე მეტი ჯამური ჩამოტვირთვა დააგროვა და 200 000-ზე მეტ წარმოებულ მოდელს დაუდო სათავე, რითაც ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ღია კოდის მქონე მოდელების ოჯახად იქცა. მისი პოპულარობა ჩინეთის ფარგლებს სცდება. Airbnb-მ განაცხადა, რომ მომხმარებელთა მომსახურების AI აგენტისთვის ძირითადად Qwen-ს იყენებს და მიზეზად ხარისხსა და დაბალ ფასს ასახელებს. Alibaba ახლა ცდილობს, თავისი ლიდერობა სრულყოფილ AI იმპერიად გარდაქმნას.
Mistral - მაშინ, როცა ბევრი წამყვანი AI კომპანია ღია კოდის მოდელებს (რომელთა ჩამოტვირთვა, მოდიფიცირება და გაშვება ყველას შეუძლია) შორდება, Mistral-მა ღიაობა თავის ბიზნეს-სტრატეგიად აქცია. პარიზში ბაზირებული კომპანია, რომელიც თითქმის 14 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ქმნის მოდელებს პროგრამირებისთვის, ტრანსკრიფციისთვის, დოკუმენტების ამოცნობისა და მულტიმოდალური ამოცანებისთვის. სტრატეგიამ გაამართლა. 2026 წლის დასაწყისში Mistral-ის წლიურმა შემოსავალმა 400 მილიონ დოლარს მიაღწია (რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 20-ჯერ მეტია). ეს წარმატება 100-ზე მეტი მსხვილი კორპორატიული კლიენტის - მათ შორის ASML-ის, TotalEnergies-ისა და HSBC-ის - და რამდენიმე ევროპული მთავრობის დამსახურებაა, რომლებმაც ამერიკული AI პროვაიდერების ნაცვლად, ადგილობრივი ევროპული ალტერნატივა აირჩიეს.
Hugging Face - ნიუ-იორკში ბაზირებული კომპანია AI მოდელების, მონაცემთა ბაზებისა და აპლიკაციების უდიდეს საჯარო საცავს მართავს. ბოლო მონაცემებით, ის 2 მილიონზე მეტ მოდელსა და 500 000-მდე მონაცემთა ბაზას აერთიანებს, რაც მას ერთგვარ "AI-ის GitHub-ად" აქცევს. Fortune 500-ის კომპანიების 30%-ზე მეტს პლატფორმაზე საკუთარი ანგარიში აქვს.
BM.GE
წყარო: bm.ge