
2026 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატი გაუარესდა - BAG ინდექსი
2026 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესდა, თუმცა კვლავ ბუმის ფაზაში იმყოფება. ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსშია აღნიშნული. თავის მხრივ, ბუმის ფაზა გულისხმობს, რომ ბიზნესი მიმდინარე მდგომარეობას და მოლოდინს დადებითად აფასებს.
მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს. 2026 წლის პირველი კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 2026 წლის 4-17 მარტის პერიოდში.
უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაუმჯობესება იკვეთება, თუმცა ბიზნესის შეფასებები გაუარესებულია 2025 წლის ბოლო სამი თვის პერიოდთან მიმართებით.
უფრო დეტალურად, 2026 წლის I კვარტალში, 2025 წლის IV კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 2.5 ქულით გაუარესდა. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი 4.2 ქულით, ხოლო მათ მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 1.1 ქულით გაუარესდა. ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2025 წლის IV კვარტალთან შედარებით გაუარესდა ყველა სექტორში გარდა მრეწველობის სექტორისა.
IV კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუმჯობესებულია მრეწველობის სექტორში 27 ქულით, ხოლო მაჩვენებელი გაუარესდა მშენებლობის სექტორში 11.4 ქულით, მომსახურების სექტორში - 5.8 ქულით და ვაჭრობის სექტორში - 4.2 ქულით. რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, შეფასება გაუმჯობესდა მრეწველობის სექტორში 4.2 ქულით და მომსახურების სექტორში მცირედით - 0.2 ქულით, ხოლო გაუარესდა მშენებლობის სექტორში 37.1 ქულით და ვაჭრობის სექტორში - 1.6 ქულით.
2026 წლის I კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე მაღალი შეფასება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - მშენებლობის სექტორში. ამას გარდა, ყველაზე პოზიტიური ბიზნესის მოლოდინი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიური - ასევე მშენებლობის სექტორში
ამის საპირისპიროდ, გაუმჯობესებაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2026 წლის I კვარტალის BAG ბიზნეს კლიმატის შედეგები 10.5 ქულით გაუმჯობესდა 2025 წლის I კვარტალთან შედარებით. კერძოდ, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 15.3 ქულით გაიზარდა, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის შეფასება 5 ქულით გაუმჯობესდა.
2026 წლის I კვარტალში, 2025 წლის I კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუმჯობესდა ვაჭრობის სექტორში 17.4 ქულით, მრეწველობის სექტორში - 17.1 ქულით და მომსახურების სექტორში - 10.3 ქულით, ხოლო მაჩვენებელი გაუარესდა მშენებლობის სექტორში 14.2 ქულით.
2026 წლის I კვარტალში, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. 2026 წლის I კვარტალში, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია და 42.5 ქულა შეადგინა, მათ შორის, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი 29.2, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი 56.4 ქულაა.
BM.GE
წყარო: bm.ge