
2026 წლის პირველ კვარტალში "მაგთის", "სელფის" და "სილქნეტის" შემოსავალი 230 მილიონამდე გაიზარდა
საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა კომუნიკაციების კომისიას 2026 წლის პირველი სამი თვის ფინანსური მაჩვენებლები უკვე წარუდგინეს, რომელთა მიხედვითაც სექტორის შემოსავლები წელს 9%-ით, 230.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის თანახმად, ქართული მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების (აქტიური სიმბარათების) რაოდენობა 5,884,520-მდე არის გაზრდილი, რაც წლიურ ჭრილში 229,511 აბონენტის მატებას ნიშნავს.
2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
• მაგთი - 109,244,760 ლარი, 2,444,780 აბონენტი, ბაზრის 41.5%, შემოსავლის ზრდა 9.7%; • სილქნეტი - 79,492,626 ლარი, 2,098,593 აბონენტი, ბაზრის 35.7%, შემოსავლების ზრდა 6.9%; • სელფი მობაილი - 41,444,508 ლარი, 1,327,668 აბონენტი, ბაზრის 22.6%, შემოსავლების ზრდა 13.1%.
ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველა ოპერატორის შემთხვევაში გაზრდილია ერთი მომხმარებლიდან ერთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი (ARPU), რაც ოპერატორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. 2026 წლის მარტში "მაგთის" ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში 15.40 ლარს იხდიდა, რაც წლიურად 56 თეთრით არის მომატებული, "სილქნეტის" ერთი აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 13.12 ლარია, რაც 16 თეთრით არის გაზრდილი ერთი წლის ჭრილში, ხოლო "სელფი მობაილის" ერთი აბონენტის საშუალო თვიური ხარჯი 10.97 ლარია, რაც წლიურად 1.18 ,ლარით არის მომატებული. შესაბამისად, 2026 წელს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება ყველაზე მეტად "სელფიმ" შეძლო.
მობილური ოპერატორების საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2026 წლის მარტის მდგომარეობით, მობილურ ინტერნეტს ყოველთვიურად 4,295,835 აბონენტი მოიხმარდა, რაც მთლიანი აბონენტების 72.8%-ია, წინა წელს ეს მაჩვენებელი აბონენტების 69.5% იყო.
სტატისტიკის თანახმად, 2026 მდგომარეობით ერთი აბონენტი თვეში საშუალოდ 18.8 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარდა, რაც წლიურად 3.9 გიგაბაიტით არის გაზრდილი.
BM.GE
წყარო: bm.ge