მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წლის ყველაზე გავლენიანი ფინანსური კომპანიები - TIME100
2026 წლის ყველაზე გავლენიანი ფინანსური კომპანიები - TIME100

2026 წლის ყველაზე გავლენიანი ფინანსური კომპანიები - TIME100

BM.GE9 მაისი, 2026, 00:00|bm.ge

გლობალური ფინანსური ლანდშაფტი იცვლება. 2026 წელს ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენი დანაზოგების, ხარჯებისა და ინვესტიციების პროცესებს განსაზღვრავენ, მხოლოდ ტრადიციული ბანკები აღარ არიან; ეს არის ტექნოლოგიური გიგანტებისა და საგადასახადო სისტემების ნოვატორების მრავალფეროვანი გაერთიანება, რომლებიც ფინანსური სამყაროს წესებს თავიდან ადგენენ.

სწორედ ამიტომ, გამოცემა TIME-მა თავისი ყველაზე გავლენიანი კომპანიების შეფასება წელს კიდევ უფრო გააფართოვა და აპრილის გამოშვებაში ფინანსური სფეროს 10 ყველაზე გავლენიანი კომპანიაც გამოავლინა:

მათ შორისაა "ლათინური ამერიკის Amazon-ად" წოდებული Mercado Libre რომელიც ელექტრონული კომერციის საზღვრებს გასცდა და რეგიონის დომინანტურ ფინანსურ ძრავად იქცა. ფინტექ პროდუქტის, Mercado Pago-ს უშუალოდ სავაჭრო პლატფორმაში ინტეგრაციით, კომპანიამ მილიონობით "არასაბანკო" მომხმარებელს კრედიტებზე, ციფრულ საფულეებსა და საინვესტიციო ინსტრუმენტებზე მისცა წვდომა. Mercado Pago-ს ამჟამად 78 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. 2025 წელს კომპანიის წმინდა შემოსავალმა 12.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 46%-იანი ზრდაა.

Block-ი ჩამონათვალში თავისი ახალ ფუნქციის, Cash App-ის სესხის მეშვეობით მოხვდა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მონაცემების გამოყენებით, კომპანია მცირე, მოკლევადიან სესხებს იმ პირებს სთავაზობს, რომლებსაც ტრადიციული გამსესხებლები ხშირად უარს ეუბნებიან. ამით Block საკრედიტო რესურსებზე წვდომის დემოკრატიზაციას ახდენს და ამავდროულად ახერხებს, რომ სესხის დაბრუნების 97%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნოს. შედეგად, Cash App-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 60 მილიონს მიაღწია.

აფრიკის უდიდეს ეკონომიკასა და ფინტექ-ბაზარზე, ნიგერიაში, ზრდასრული მოსახლეობის მესამედზე მეტს ჯერ კიდევ არ აქვს საბანკო ანგარიში. ამ და სხვა მსგავს ბაზრებზე, ფინანსური ჩართულობის ლიდერი PalmPay გახდა, რადგან კომპანიამ ფინანსური პროცესების გამარტივება შეძლო. რთული დოკუმენტაციისა და მაღალი საკომისიოების გაუქმებით, მათ ოფიციალურ ფინანსურ სისტემაში მილიონობით ადამიანი ჩართეს. 2026 წლის მონაცემებით, პლატფორმას 40 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და მილიარდობით დოლარის ტრანზაქციებს ამუშავებს.

როგორც მსოფლიოში აქტივების უმსხვილესი მმართველი, BlackRock გლობალური ფინანსების საყრდენად რჩება. 2026 წელს მათი გავლენა კაპიტალის მართვაში შესრულებული გადამწყვეტი როლითაა განპირობებული, რომელიც გლობალური ტრანსფორმაციისკენაა მიმართული, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და მდგრადი ენერგეტიკის მიმართულებით. კომპანიის მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობა 14 ტრილიონ დოლარს აღემატება, რაც BlackRock-ს ბაზრების მართვის უბადლო შესაძლებლობას აძლევს.

ჩინურმა ფინანსურმა კონგლომერატმა Ant Group-მა გასული წელი გლობალური გაფართოებისთვის გამოიყენა. ჯგუფის საერთაშორისო დანაყოფმა Ant International-მა Alipay+ შექმნა - ტრანსსასაზღვრო ციფრული საფულეების ქსელი, რომელიც 100-ზე მეტ ბაზარს მოიცავს აზიაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში. 2025 წელს კომპანიის შემოსავალმა 3,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებაა კომპანიის სტრატეგიული პოზიციონირება, როგორც AI-ზე ორიენტირებული საწარმოსი, რასაც 2024 წელს კვლევასა და განვითარებაზე დახარჯული რეკორდული 3,26 მილიარდი დოლარი ადასტურებს.

Nubank-მა ხელახლა განსაზღვრა საცალო საბანკო მომსახურება და დაამტკიცა, რომ ფილიალების გარეშე, მობილურზე ორიენტირებული მოდელით ასობით მილიონი მომხმარებლის მომსახურებაა შესაძლებელი. ბრაზილიიდან მექსიკასა და კოლუმბიაში წარმატებული გაფართოების შემდეგ, მისი მომხმარებელთა ბაზა 130 მილიონს გადასცდა, მათი 83% კი პლატფორმას აქტიურად იყენებს, რაც წლიურ შემოსავალს 16,3 მილიარდ დოლარამდე ზრდის.

საპროგნოზო პლატფორმა Kalshi, რომლის საბაზრო ღირებულებაც 22 მილიარდ დოლარს შეადგენს, აბსტრაქტულ გაურკვევლობას სავაჭრო აქტივად აქცევს. Kalshi 5 მილიონ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სავაჭრო კონტრაქტი ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ამინდის პროგნოზზე გააფორმოს. 2025 წელს კომპანიამ 263,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო საკომისიოების სახით. საპროგნოზო ბაზრის ლეგიტიმაციით, Kalshi მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა რისკ-მენეჯერებისთვის, რომლებიც გეოპოლიტიკური ცვალებადობის პირობებში ცდილობენ ნავიგაციას.

ახალი საბანკო ანგარიშების გახსნის მაჩვენებლით Chime Financial გასულ წელს შეერთებული შტატების ლიდერ კომპანიად და ნეობანკების ოქროს სტანდარტად იქცა. კომპანია ისეთ მომხმარებელზეა ორიენტირებული, რომელიც ბანკების მაღალი საკომისიოებითაა დაზარალებული. ისეთი ფუნქციებით, როგორებიცაა უპროცენტო ოვერდრაფტი და ხელფასის მიღება დადგენილ ვადაზე ადრე, მათ მომხმარებელთა მაღალი ერთგულების შენარჩუნება შეძლეს. სტრატეგიამ შედეგი გამოიღო: ივნისში Chime-მა ერთ-ერთი უმსხვილესი ფინტექ-IPO განახორციელა და 864 მილიონი დოლარი მოიზიდა, 11,6 მილიარდი დოლარის შეფასებით. 9,5 მილიონმა მომხმარებელმა 2025 წელს კომპანიის შემოსავალი 31%-ით, 2,2 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

როგორც კრიპტოვალუტა USDC-ის მთავარი ემიტენტი, Circle Internet Group ციფრული ეკონომიკის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც ტრადიციულ ფიატურ ვალუტებსა და ბლოკჩეინ-ქსელებს ერთმანეთთან აკავშირებს. 2026 წლისთვის ჯგუფმა მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია: USDC-ის მიმოქცევაში არსებულმა მოცულობამ 65 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

Mastercard გლობალური ვაჭრობის ინფრასტრუქტურის მთავარ არქიტექტორად რჩება. ათწლეულების განმავლობაში საკრედიტო ბარათებით გადახდების უსაფრთხოების დახვეწის შემდეგ, კომპანია ახლა ყურადღებას მანქანური კომერციის სფეროზე ამახვილებს. როდესაც AI-აგენტები პროდუქტების ავტონომიური შესყიდვის ეტაპზე გადადიან, Mastercard ცდილობს, ამ ახალი ეკოსისტემის უსაფრთხოება უზრუნველყოს. 2025 წლის აპრილში "Agent Pay"-ის პროგრამის გაშვების შემდეგ, კომპანია, რომელმაც გასულ წელს 10,5 ტრილიონი დოლარის გადახდები დაამუშავა, მოითხოვს, რომ AI-აგენტები წინასწარ, ტრანზაქციის განხორციელებამდე დარეგისტრირდნენ და ვერიფიკაცია გაიარონ. AI ასისტენტების მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე თაღლითობისგან დაცვით, Mastercard უზრუნველყოფს, რომ ავტონომიური ხარჯვის ეპოქა ისეთივე სანდო და საიმედო იყოს, როგორც ყოველდღიური გადახდებია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Anthropic-მა საფინანსო სექტორისთვის ახალი AI-აგენტები წარადგინა

Anthropic-მა საფინანსო სექტორისთვის ახალი AI-აგენტები წარადგინა

BM.GE

იტალიური Angelini ამერიკულ Catalyst Pharma-ს $4 მილიარდად შეისყიდის

იტალიური Angelini ამერიკულ Catalyst Pharma-ს $4 მილიარდად შეისყიდის

BM.GE

Sony-მ და TSMC-მ იაპონიაში ერთობლივი საწარმოს შექმნის გეგმა წარადგინეს

Sony-მ და TSMC-მ იაპონიაში ერთობლივი საწარმოს შექმნის გეგმა წარადგინეს

BM.GE

ECB მოდელ Mythos-ისგან მომდინარე კიბერსაფრთხეების საწინააღმდეგო მექანიზმებს სწავლობს

ECB მოდელ Mythos-ისგან მომდინარე კიბერსაფრთხეების საწინააღმდეგო მექანიზმებს სწავლობს

BM.GE