
2030 წლისთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ველოდებით - თამარ იოსელიანი
2030 წლისთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ველოდებით - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი აცხადებს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ხორციელდება მსხვილი ინვესტიციები ქვეყნის ძირითად ინფრასტრუქტურაში, როგორც სარკინიგზო, ასევე საპორტო მიმართულებით.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს დიდ ოთხეულში შემავალი ევროპული კომპანია „იან დე ნული“. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ჩვენ ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ.
უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ რკინიგზამ დაასრულა რკინიგზის დამაკავშირებელ სალიანდაგო ინფრასტრუქტურის დიზაინზე მუშაობა, რომელიც აკავშირებს ძირითად მაგისტრალს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან და ამ მიმართულებით, ჩვენ ძალიან მალე ვგეგმავთ, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ და მშენებლობა დავიწყოთ“ - ამბობს თამარ იოსელიანი.
რაც შეეხება მთავრობის მიერ „საქართველოს რკინიგზის“ მასშტაბურ მოდერნიზაციას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობამ 10-წლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც სექტორში ჯამურად 1.7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. პროექტის მთავარი მიზანი „შუა დერეფანში“ საქართველოს როლის განმტკიცება და ქვეყნის ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ეფექტურ ხიდად ჩამოყალიბებაა. 2026-2028 წლებში დაახლოებით 1 მილიარდი ლარი სალოკომოტივო და სავაგონო პარკის სრულ განახლებაზე მიიმართება.
„ახალი სისტემებისა და გაციფრულების დანერგვით, ჩვენ შევძლებთ გავანახევროთ ქვეყნის გადაკვეთის დრო, გავხდეთ ბევრად უფრო ეფექტიანები და გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა,“ - ამბობს იოსელიანი.
BM.GE
წყარო: bm.ge