მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 3 მიზეზი, რატომაც დასაქმება შემცირდა - ერთ-ერთია არასამთავრობო სექტორში სამუშაო ადგილების კლება|ინტერვიუ
3 მიზეზი, რატომაც დასაქმება შემცირდა - ერთ-ერთია არასამთავრობო სექტორში სამუშაო ადგილების კლება|ინტერვიუ

3 მიზეზი, რატომაც დასაქმება შემცირდა - ერთ-ერთია არასამთავრობო სექტორში სამუშაო ადგილების კლება|ინტერვიუ

BM.GE28 მაისი, 2026, 12:07|bm.ge

დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება არაკომერციულ/არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორში, დასაქმებულთა შემცირება მშენებლობის დარგში და ე.წ. სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის გაუქმება - საქსტატის მენეჯმენტის განმარტებით, ეს არის ის სამი მთავარი ფაქტორი, რატომაც 2026 წლის პირველ კვარტალში, დასაქმების დონე შემცირდა 1 პროცენტული პუნქტით 45.7%-მდე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ 2025 წელსაც, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, დასაქმების დონე 46.9%-მდე იყო შემცირებული - ცნობისთვის: 2024 წელს მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებელი 47.1% იყო.

რატომ შემცირდა დასაქმების დონე შარშანაც და წელს, პირველ კვარტალშიც, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის მიუხედავად - ეს კითხვა კვირის დასაწყისში BMG-მ პრემიერს დაუსვა - ირაკლი კობახიძემ მთავარ მიზეზად ე.წ. სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის გაუქმება დაასახელა, რისთვისაც 2023-2025 წლებში ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 350 მილიონამდე ლარია დახარჯული. "რეალურად დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, მხოლოდ ეს ერთი ფაქტორი განაპირობებს ფორმალურ შემცირებას. გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა და ამით ფორმალურად 29 ათასით შემცირდა დასაქმებულთა მაჩვენებელი. დანარჩენი დასაქმება პირიქით გაზრდილია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"სოცდაუცველების დასაქმების" სამთავრობო პროგრამა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ამოქმედდა და მიზნად, შრომისუნარიანი სოცდაუცველი მოქალაქეების “ამუშავებას” ისახავდა, როგორც ჩანს, ბოლო სამი წელი დასაქმების სტატისტიკის გაუმჯობესებას ეხმარებოდა, ვინაიდან ამ პროგრამაში ჩართული მოქალაქეები, ყოველთვიურად, 300 ლარამდე ხელფასს იღებდნენ. დასაქმების ძირითადი წყარო კი საბიუჯეტო/ადმინისტრაციული ორგანიზაციები იყო.

ინტერვიუ გოგიტა თოდრაძესთან:

- როდესაც ეკონომიკა იზრდება, მაგრამ დასაქმების დონე მცირდება, ხოლო უმუშევრობა უცვლელი რჩება და 2025 წლის ბოლოს 13.9% იყო, 2024 წლის მსგავსად, რას ნიშნავს ეს - რა უნდა გაიგოს მოქალაქემ?

- დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკა ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას, რომელსაც არა მხოლოდ საქსტატი, არამედ მსოფლიოს ყველა სტატისტიკის სამსახური ეფუძნება. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, ვინ ითვლება უმუშევრად. ე.ი. უმუშევრად ითვლება პირი ამ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რომელიც: 1. არ მუშაობდა გასული კვირის განმავლობაში ერთი საათითაც კი; 2. იმავდროულად ეძებდა სამუშაოს გასული ერთი თვის განმავლობაში; 3. და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ანუ, ამ სამ კრიტერიუმს ვინც აკმაყოფილებს, ის ითვლება უმუშევრად. ამ კრიტერიუმის მიხედვით, უმუშევართა რაოდენობა 2026 წლის პირველ კვარტალში არის 230,000.

- ანუ 230 000 ადამიანში არ შედიან ის მოქალაქეები, ვინც არ მუშაობდა, მაგრამ არც ეძებდა სამსახურს და სახლში ტელევიზორს უყურებდა?

- თუ არ მუშაობს, მაგრამ არ ეძებს - ის არა - უმუშევრად, არამედ მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ კვალიფიცირდება. ანუ ის არის ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, თუ ეძებს, მაგრამ არ არის მუშაობის დასაწყებად მზად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ისიც არ ითვლება უმუშევრად, ის ითვლება ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობად. შესაბამისად, ამ 230,000-ის პროცენტული წილი სამუშაო ძალაში ანუ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში, გახლავთ სწორედ ის უმუშევრობის დონე, რომელსაც აქვეყნებს საქსტატი.

- 2024 წელს და 2025 წელსაც, საქსტატის თანახმად, უმუშევრობის დონე 13.9% იყო.

- დიახ. რაც შეეხება დასაქმების დონის შემცირების მიზეზს, ჩვენ რა თქმა უნდა, როდესაც ნებისმიერ მონაცემებს ვაქვეყნებთ, ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ მონაცემების სიზუსტეზე და შესაბამისად, ყოველთვის ვაკეთებთ განმარტებებს ამა თუ იმ მაჩვენებლის ცვალებადობის შესახებ. ე.ი. უმუშევრობის დონე შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით 2026 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, დასაქმებულთა რაოდენობაც შემცირებულია. ამასთან დაკავშირებით არაერთმა პოლიტიკოსმა გააკეთა განმარტება და ჩვენც გავაკეთებთ ასეთ განმარტებას, რომ შემცირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ერთ-ერთი სახელმწიფო პროგრამის [გაუქმებაა] რომელზედაც, დაახლოებით, 29,000 კაცი მოდიოდა [ანუ 29 000 ადამიანს ასაქმებდა]. ასევე, წელს პირველ კვარტალში დასაქმების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში ანუ NGO ქტორში.

- რაც სავარაუდოდ, ბოლო წლებში მიღებული სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი კანონების შედეგია…

- სავარაუდოდ. გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება, რაც გარკვეულწილად ინფრასტრუქტურული პროექტების მილევად რეჟიმთან არის დაკავშირებული, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ამ თვალსაზრისით, იყო დასაქმების პროგრამის შემცირება - დაახლოებით, 29,000 კაცი.

- ანუ არც ისე “უსარგებლო” ყოფილა ეს სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა, როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, რადგან დასაქმების შემცირებაზე გავლენა იქონია. ასევე გავლენას იქონიებდა დასაქმების ზრდაზეც. ასე გამოდის, ხომ?

- დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის, მაგრამ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არ იყო მთავარი კონტრიბუტორი, რადგანაც ხელფასი, შრომის ანაზღაურება ამ კატეგორიის დასაქმებულებს საკმაოდ დაბალი ჰქონდათ - დაახლოებით, 300-400 ლარის ფარგლებში და შესაბამისად, ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, მზარდია მაგალითად ICT სექტორი, მზარდია ისეთი სექტორები, სადაც პროდუქტიულობა არის უფრო მეტად დაფასებული. შესაბამისად, თუ ხელფასების სტატისტიკას გადავხედავთ, მაგალითად 2020 წელს საშუალო თვიური ხელფასი იყო, დაახლოებით, 1,200 ლარი, დღეს ბოლო მონაცემებით არის დაახლოებით 2,300 ლარი. ხელფასის პროდუქტიულობაც ამასთან გარკვეულ კორელაციაშია, ბუნებრივია, ხელფასს არავინ გაუზრდის თანამშრომელს თუ პროდუქტიულობა არ გაიზარდა.

- რომ შევაჯამოთ - უმუშევრობის დონის უცვლელად [13.9%] დატოვება, ასევე, დასაქმების დონის შემცირება, მეთოდოლოგიურად, პირდაპირ არ არის დაკავშირებული არც ეკონომიკურ ზრდასთან… საინტერესოა, ადამიანების ის კატეგორიაც, ვინც არ მუშაობს და არც ეძებს სამსახურს - საქსტატი კვლევების პროცესში ამ კითხვებს თუ სვამს და რა პასუხს იღებთ?

- ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, დაახლოებით, 1 მლნ 400 ათასია და მათი კატეგორიზაცია არის წარმოდგენილი ჩვენს ვებსაიტზე ცხრილის სახით. აქ არიან მაგალითად, პენსიონერები, რომლებიც არ ეძებენ სამუშაოს საპენსიო ასაკის გამო, ან შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აქ არიან ასევე მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც არ ეძებენ სამუშაოს იმის გამო, რომ სწავლობენ. ამ ჯგუფში საკმაოდ დიდი წილით არიან წარმოდგენილები დიასახლისები.

- რადგან მოსწავლეების ჯგუფი ახსენეთ, განმარტეთ, რა ასაკიდან ითვლებიან მოსწავლეები ეკონომიკურად აქტიურებად ან პირიქით?

- 15 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანების დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკის დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს. რაც შეეხება დიასახლისებს, რომლებიც საკმაოდ დიდი წილით არიან წარმოდგენილი, მოგეხსენებათ ჩვენთან ასეთი ტრადიციებია, რომ აი, ოჯახის შექმნის შემთხვევაში, ძირითადად, მანდილოსნები მაგალითად, ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ აქტივობებს ახორციელებენ და მათ ელემენტარულად არ რჩებათ იმის დრო, რომ ეძებონ სამუშაო.

- ან შეიძლება ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ ისეთი ანაზღაურების სამსახურებს, რომ უღირდეთ ძიძის დაქირავება…

- თუნდაც… აქ არიან ასევე ისეთი ადამიანებიც, თუმცა მათი წილი საკმაოდ დაბალია, რამდენადაც მახსოვს 6% იყო ბოლო მონაცემების მიხედვით, რომლებსაც აღარ ჰქონდათ იმედი სამუშაოს პოვნის. შესაბამისად, ეს ცხრილი საქსტატის ვებგვერდზე გვიდევს რამდენიმე წელია და საკმაოდ საინტერესოა ანალიზის თვალსაზრისით.

- საქსტატის ანგარიშების თანახმად, დასაქმების კლების მიზეზად სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის შემცირება სახელდება - აღნიშნულს ის ფაქტორები განაპირობებს, რაც ახლა ჩამოთვალეთ თუ არის კიდევ სხვა მიზეზები, მაგალითად ემიგრაცია?

- არა; აქ ზოგადად, მთავარი მიზეზი ამ კონკრეტულ პერიოდში - ყველას სხვა პერიოდს თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, 2026 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება იყო დასაქმების დონის კლების მიზეზი. რატომ? პირველი, როგორც გითხარით, სახელმწიფო პროგრამის დახურვა - ბიუჯეტი არ აქვს საერთოდ ამ პროგრამას ანუ გაუქმდა და [დასაქმებაში მისი კონტრიბუცია] 29,000 კაცი იყო, რაც საკმაოდ დიდი არის ამ თვალსაზრისით. დანარჩენი რაც გითხარით: მშენებლობის სექტორი და NGO-ების სექტორი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩაბრძანდით რეგიონებში და ნახავთ, თუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, ვინც ამ რეფორმას ეწინააღმდეგება - გივი მიქანაძე

ჩაბრძანდით რეგიონებში და ნახავთ, თუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, ვინც ამ რეფორმას ეწინააღმდეგება - გივი მიქანაძე

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის

“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის

BM.GE

შეზლონგის ფასი გაორმაგდა და მაქსიმუმ ₾10 იქნება|რა პირობებით გაიცემა პლაჟზე ადგილები იჯარით?

შეზლონგის ფასი გაორმაგდა და მაქსიმუმ ₾10 იქნება|რა პირობებით გაიცემა პლაჟზე ადგილები იჯარით?

BM.GE