
“40-ზე მეტი მიმდინარე პროექტია ქალაქში”… - როგორ ვითარდება ქუთაისის უძრავი ქონების ბაზარი?
ქვეყნის დიდი ქალაქების მსგავსად უძრავი ქონების ბაზარი რეგიონის ქალაქებშიც სტაბილურად იზრდება. იმერეთის ცენტრი ამის ერთ-ერთი მაგალითია, სადაც “პროსპექტის” მმართველი პარტნიორის თქმით, მშენებლობის ერთგვარი ბუმია, რაც როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მკვეთრ მატებაში გამოიხატება.
“პროსპექტის” ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქუთაისში 40-ზე მეტი ახალი სამშენებლო პროექტი ხორციელდება, ხოლო კიდევ რამდენიმე ათეული პროექტი მოსამზადებელ ეტაპზეა. თუ ადრე მომხმარებელი ძირითადად მეორად ბინებზე იყო ორიენტირებული, ახლა მოთხოვნა ახლად აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებზე გადავიდა. ამასთან, ქუთაისში გაჩნდა პრემიუმ კლასის სეგმენტიც.
“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქუთაისის უძრავი ქონების ბაზარი ზრდის ტემპით ხასიათდება. ადრე უფრო მეორად ბინებზე იყო მოთხოვნა კონცენტრირებული, თუმცა დღეს მნიშვნელოვნად გაიზარდა მშენებარე და ახლად აშენებული საცხოვრებელი კომპლექსების მიმართ მოთხოვნა.
რამდენიმე ფაქტორია რაც მოთხოვნას ქმნის - ეს არის ქუთაისში და იმერეთში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც თავიანთი საცხოვრებლის გაუმჯობესებას ცდილობენ და უნდათ რომ ახალ საცხოვრებელ კომპლექსში შეიძინონ საცხოვრებელი, ასევე ემიგრანტები ან ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ინვესტირება განახორციელონ უძრავ ქონებაში და ინვესტორები, რომლებიც ყიდულობენ ბინებს გასაქირავებლად ან კაპიტალდაბანდების მიზნით.
დაახლოებით 40-ზე მეტი მიმდინარე პროექტია ქალაქში ახალი და 30-ზე მეტი პროექტი გამოსვლას უცდის. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში მათი მშენებლობაც დაიწყება.
ქუთაისი საკმაოდ პერსპექტიული ბაზარია და ამას აქვს რამდენიმე ფაქტორი რაც ამ ყველაფერს განაპირობებს. ეს არის მიწის ჯერ კიდევ შედარებით იაფი ფასი თბილისთან და ბათუმთან მიმართებით, განვითარების მაღალი პოტენციალი და ქუთაისთან არსებული საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მგზავრთა ნაკადს ყოველწლიურად ზრდის და ეს დამატებით მუხტს აძლევს იმას რომ ინვესტორები დაინტერესდნენ უძრავ ქონებაში ინვესტირებით”,-აცხადებს გიორგი ჟორჟოლიანი.
რაც შეეხება ფასს, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ქუთაისში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა, რაზედაც გავლენას ახდენს როგორც გაზრდილი მოთხოვნა, ისე სამშენებლო მასალების გაძვირება და მუშახელის ანაზღაურების ზრდა.
“ქუთაისში არის როგორც ეკონომ კლასის პროექტები, ასევე პრემიუმ კლასის პროექტი. ეკონომ კლასის პროექტებში დაახლოებით 900-1000 დოლარია საშუალო ფასი. რაც შეეხება პრემიუმ კლასის პროექტებს, საშუალო ფასი დაახლოებით 1300 დოლარია”,-აცხადებს ჟორჟოლიანი.
BM.GE
წყარო: bm.ge