
45 000 სიმღერისგან შემდგარ კატალოგს Sony $4 მილიარდად შეისყიდის
Sony Music Publishing-მა ოფიციალურად განაცხადა თანხმობა, Blackstone-ის მიერ მართული ფონდებიდან Recognition Music Group-ის მუსიკალური უფლებების სრული პორტფელი შეიძინოს.
ფინანსური პირობები არ გახმაურებულა, თუმცა გასულ კვირას Bloomberg იუწყებოდა, რომ გარიგების ღირებულება 3.5-დან 4 მილიარდ დოლარამდე იქნებოდა.
ამ გარიგების შედეგად, Sony Music Publishing შეიძენს Recognition-ის ნაწარმოებების მთლიან კატალოგს, რომელიც 45 000-ზე მეტ სიმღერას აერთიანებს.
მათ შორისაა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა: Journey-ის "Don’t Stop Believin’", Red Hot Chili Peppers-ის "Under the Bridge", Fleetwood Mac-ის "Go Your Own Way", ბიონსეს "Single Ladies (Put A Ring On It)", ბრუნო მარსის "Locked Out of Heaven", ლეონარდ კოენის "Hallelujah", Chic-ის "Good Times", Soundgarden-ის "Black Hole Sun", ლედი გაგას "Bad Romance", Bon Jovi-ის "Livin’ On A Prayer", რიანას "Umbrella", Eurythmics-ის "Sweet Dreams (Are Made Of This)", შაკირას "Whenever, Wherever", სტივ უინვუდის "Higher Love", მერაია ქერის "All I Want For Christmas Is You" და მრავალი სხვა.
შესყიდვას SMP (Sony Music Publishing) იმ საინვესტიციო საწარმოსთან პარტნიორობით ახორციელებს, რომელიც Sony Music Group-მა მიმდინარე წლის დასაწყისში სინგაპურის სუვერენულ ფონდ GIC-თან ერთად დააფუძნა.
კომპანიების განცხადებით, ინვესტირებაში მონაწილეობას იღებს Sony Bank Inc-იც.
"ძალიან ვამაყობთ და მოხარულები ვართ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი შესყიდვის შედეგად, პოპ-მუსიკის ისტორიაში არაერთი უდიდესი სიმღერისგან შემდგარ ამ წარმოუდგენელ კატალოგს წარმოვადგენთ", - განაცხადა Sony Music Group-ის თავმჯდომარემ, რობ სტრინგერმა.
ეს გარიგება ყოფილი Hipgnosis-ის პორტფელიდან Sony-ს მიერ განხორციელებული რიგით მესამე და ამ დროისთვის ყველაზე მასშტაბური შენაძენია.
გავრცელებული ინფორმაციით, Sony Music Group-მა Blackstone-ისგან Recognition-ის აქტივების გარკვეული ტრანში თებერვალშიც შეიძინა; გარიგების ღირებულებამ 200 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
ამ ტრანზაქციას წინ უძღოდა 2025 წლის ივნისში SMP-ის მიერ Hipgnosis Songs Group-ის (ყოფილი Big Deal Music) შესყიდვა. Billboard-ის წყაროების ცნობით, იმ გარიგების ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარი იყო.
Recognition Music Group 2025 წლის მარტში მას შემდეგ შეიქმნა, რაც Blackstone-მა Hipgnosis-ის აქტივები ახალი ბრენდის ქვეშ გააერთიანა, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი ბენ კატოვსკი ჩაუდგა სათავეში.
Blackstone-ი ამ პორტფელს რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდა: 2021 წლიდან მან Hipgnosis Songs Capital-ის მეშვეობით მუსიკალურ აქტივებში 700 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, სანამ 2024 წლის ივლისში ბრიტანელი საჯარო ინვესტორებისგან Hipgnosis Songs Fund-ს 1.58 მილიარდ დოლარად გამოისყიდდა. ამ უკანასკნელი ტრანზაქციის შედეგად, იმ დროისთვის Hipgnosis Songs Fund-ის პორტფელის საორიენტაციო საწარმოო ღირებულება (enterprise value) დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარით განისაზღვრა.
დადასტურებული შესყიდვა მუსიკალურ ინდუსტრიაში წელს განხორციელებული შერწყმისა და შთანთქმის მასშტაბური გარიგებების უახლესი მაგალითია. მანამდე, 28 აპრილს შერწყმა დაადასტურეს Bertelsmann-ის BMG-მ და Concord-მა, ხოლო მარტში Primary Wave Music-მა Francisco Partners-ისგან Kobalt-ის შესყიდვის შესახებ გამოაცხადა.
BM.GE
წყარო: bm.ge