
$50-მილიარდიანი პანაზიური ენერგოქსელის ინიციატივა - რას გეგმავს ADB?
აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2035 წლამდე 50 მილიარდი აშშ დოლარის თავმოყრას გეგმავს ახალი საფინანსო ინსტრუმენტების, პოლიტიკის მხარდაჭერისა და პარტნიორობების მეშვეობით, რათა დაეხმაროს ქვეყნებს საზღვართშორისი ელექტროენერგეტიკული ქსელების მშენებლობაში მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებში.
ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ თქვა, რომ ინიციატივის მიზანია ენერგიაზე ფასის შემცირება, სისტემების საიმედოობის გაძლიერება და სუფთა ენერგიით ვაჭრობის გაფართოება.
„$50-მილიარდიანი პანაზიური ენერგოქსელის ინიციატივა გულისხმობს ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც უფრო დაკავშირებული, მდგრადი და წარმატებული აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის საფუძველია. ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნები მეტად იზიდავენ ინვესტიციებს და უკეთ უმკლავდებიან შოკებს. ფრაგმენტაციას ჩვენ დაკავშირებით ვპასუხობთ",- განაცხადა მასატო კანდამ.
ADB-ის 59-ე წლიურ შეხვედრაზე, მმართველთა საბჭოს სემინარის ფარგლებში, პანაზიური ენერგოქსელის ინიციატივის (PAGI) შესახებ საუბრისას, პრეზიდენტმა კანდამ ხაზი გაუსვა ADB-ის როლს ცალკეული პროექტების განხორციელებიდან ინტეგრირებულ რეგიონულ სისტემებზე გადასვლაში, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას, მდგრადობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
PAGI, რომლის დაწყების შესახებ კვირას გახდა ცნობილი, ფლაგმანური რეგიონული პლატფორმაა, რომლის მიზანია ელექტროენერგიით საზღვართშორისი ვაჭრობის დაჩქარება, განახლებადი ენერგიის მასშტაბური ინტეგრაცია და ელექტროენერგიის საიმედოობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მთელ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.
PAGI-ის მეშვეობით ADB გეგმავს 2035 წლამდე დაახლოებით 20 გიგავატი განახლებადი ენერგიის ინტეგრაციას, 22,000 კილომეტრი გადამცემი ხაზების დაკავშირებას, 200 მილიონი ადამიანისთვის ენერგიაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და 840,000 სამუშაო ადგილის შექმნას.
ADB თავისი საკოორდინაციო შესაძლებლობების გამოყენებით გეგმავს ერთ პლატფორმაზე გააერთიანოს მთავრობები, რეგულატორები, კომუნალური მომსახურების კომპანიები, კერძო სექტორი და განვითარების პარტნიორები პოლიტიკის თანხვედრის უზრუნველსაყოფად, ინვესტიციების თანმიმდევრობის დასაგეგმად და იმ სარეგულაციო ბარიერების მოსახსნელად, რომლებიც ხშირად აფერხებს რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას.