
7 წლის შემდეგ პირველად, აშშ-სა და ვენესუელას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა
7-წლიანი პაუზის შემდეგ, აშშ-სა და ვენესუელას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. მაიამიდან კარაკასის მიმართულებით პირველი პირდაპირი კომერციული რეისი დღეს შესრულდა. ამერიკული ავიახაზების თვითმფრინავი ვენესუელის დედაქალაქში უსაფრთხოდ დაეშვა. აღსანიშნავია, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა იანვარში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებასა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მოჰყვა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფრენების აღდგენამდე ერთი თვით ადრე აშშ-მა კარაკასში საელჩოს საქმიანობაც განაახლა.
აღსანიშნავია, რომ პირველი რეისის მგზავრებს შორის აშშ-ის ენერგეტიკული დომინირების ეროვნული საბჭოს დირექტორი, ჯაროდ ეიჯენი იმყოფებოდა. იგი ვენესუელის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ენერგეტიკული სექტორის ხელმძღვანელებთან შეხვედრებს გამართავს. აღნიშნული ვიზიტი მიზნად სამხრეთ ამერიკის ბაზარზე ამერიკული კომპანიების შესვლის ხელშეწყობას ისახავს.
როგორც ირკვევა, რეგულარულ ფრენებს American Airlines-ის შვილობილი კომპანია Envoy Air-ი განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მაიამიდან კარაკასის მიმართულებით მეორე ყოველდღიური რეისის დამატება 21 მაისიდან იგეგმება. მაიამი-დეიდის ოლქის მერის, დანიელა ლევინ კავას განცხადებით, ის ოჯახების გაერთიანებას შეუწყობს ხელს. შეგახსენებთ, მაიამიში აშშ-ში მცხოვრები ვენესუელური დიასპორის ყველაზე დიდი ნაწილია თავმოყრილი.
ცნობისთვის, უსაფრთხოების მიზეზით აშშ-მა ვენესუელასთან ავიამიმოსვლა 2019 წელს შეწყვიტა.
BM.GE
წყარო: bm.ge