
აბასთუმანში 700-ავტომობილიანი პარკინგის მშენებლობა 5-წლიანი ვადაგადაცილებით დასრულდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაბა აბასთუმანში 700 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ღირებულება 12,579,046 ლარს შეადგენდა და მისი მშენებლობა 5-წლიანი ვადაგადაცილებით დასრულდა, რადგანაც თავდაპირველი კონტრაქტით, სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა პირვანდელ კონტრაქტორთან კომპანია "აბსოლუტ სერვისთან", რომელთანაც ხელშეკრულება 9 მილიონი ლარის ოდენობით 2019 წლის ივლისში გაფორმდა, 2020 წელს კონტრაქტი შეწყდა და ხელახალი ტენდერი გაზრდილი ფასით გამოცხადდა. 2021 წლის ივლისში კი 12.5 მილიონი ლარის კონტრაქტი გაფორმდა შპს ზიმოსთან, რომელსაც მშენებლობა 18 თვეში უნდა დაესრულებინა, თუმცა მას შემდეგ პროექტის დასრულება მრავალჯერ გადავადდა და სამინისტროს ინფორმაციით მხოლოდ ახლა დასრულდა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, პროექტს ტექნიკური ხარვეზები აქვს და მათი აღმოფხვრა ამ დრომდე მიმდინარეობს.
"700 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის სივრცეში ამჟამად ხარვეზების აღმოფხვრა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დამატებითი კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
პროექტის ფარგლებში ტექნიკურად აღჭურვილ სივრცეში მოეწყობა ელექტრომობილების დამტენი პუნქტი, ხოლო სადგურის ადმინისტრაციული შენობა ელექტრომობილების სერვისს მოემსახურება.
პროექტი აბასთუმნის უნიკალური საკურორტო და ეკოლოგიური გარემოს გაფრთხილებასა და შენარჩუნებას ემსახურება. სამუშაოებს საქართველოს მთავრობა აფინანსებს და პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აბასთუმნის კურორტის კონცეფციის თანახმად, შიგა წვის ძრავის მქონე ავტომობილებით კურორტზე მოძრაობა აკრძალული იქნება და დამსვენებლები მათ ავტომობილებს პარკინგზე დატოვებენ. უშუალოდ კურორტზე გადაადგილება კი ელექტრომობილებით იქნება შესაძლებელი, შესაბამისად ახალ პარკინგს ელექტრომობილების დამტენებიც ექნება.