
"აჭარა ტექსტილეს" მფლობელი თურქული კომპანია სამკერვალო საწარმოს ეგვიპტეშიც ხსნის
„აჭარა ტექსტილეს“ მფლობელი თურქული კომპანია სამკერვალო საწარმოს ეგვიპტეშიც ხსნის. ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში „აჭარა ტექსტილეს“ დირექტორმა გია ლომინაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან რომ კომპანიას მუშახელის ხარჯი გაეზარდა, ვინაიდან კადრების დეფიციტის გამო, ხელფასების ზრდა გახდა საჭირო, მარტივი მოდელები სწორედ ეგვიპტის საწარმოში შეიკერება, ხოლო რთული მოდელები - საქართველოში.
"ბოლო პერიოდში საქართველოში მუშა ხელის ხარჯი ძალიან გაიზარდა. შესაბამისად, ვცდილობთ რთული მოდელების შეკერვას, ანუ შედარებით უფრო ძვირად ღირებულის. ფაქტობრივად, უფრო რთულ მოდელებზე გადავდივართ, მარტივი მოდელები კი შეიკერება ეგვიპტეში, სადაც რამდენიმე თვეში ამოქმედდება ჩვენი კომპანიის საწარმო”, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, "აჭარა ტექსტილეში" დასაქმებულთა ხელფასებმა 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 58.6 მილიონი ლარი შეადგინა.
"აჭარა ტექსტილეს" უკვე წლებია ისეთი გლობალური ბრენდების ტანსაცმელებს კერავს, როგორიცაა Nike, Puma, Adidas, New Balance, Under Armour-ი და სხვა. სამკერვალო 2008 წელს თურქულმა სააქციო საზოგადოება “აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთმა” დააფუძნა. "აჭარა ტექსტილეს" 2024 წლის ფინანსური შედეგების მიხედვით კომპანიის შემოსავალი გაიზარდა და 258.3 მილიონ ლარს მიაღწია (2023 წელი – 247.3 მილიონი ლარი).
საწარმოო ფაბრიკები განთავსებულია რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში.
BM.GE
წყარო: bm.ge