
ადამიანები, რომლებიც დასაშვები კრიტიკის ზღვარს გადადიან სახელმწიფოს ვალდებულებაა ასეთ დროს იმოქმედოს - ალექსანდრე დარახველიძე
"ადამიანები, რომლებიც დასაშვები კრიტიკის ზღვარს გადადიან სახელმწიფოს ვალდებულებაა ასეთ დროს იმოქმედოს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ "რუსთავი 2-ის " ეთერში საჯარო სივრცეში "აგრესიული კომუნიკაციის" მონიტორინგზე საუბრისას თქვა.
მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია მსგავსი ქმედებებისგან ადამიანები დაიცვას.
"სამწუხაროდ, დღეს, საჯარო სივრცე, განსაკუთრებით სოციალური ქსელები, გაჯერებულია სიძულვილის ენით, ზიზღით, ერთმანეთის შეურაცხყოფით, ასევე ადამიანის ღირსების შემლახველი ქმედებებით, შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა იმოქმედოს კანონის შესაბამისად და ადამიანები, რომლებიც დასაშვები კრიტიკის ზღვარს გადადიან და შემდეგ კონკრეტული პირებისთვის ხდება ღირსების შელახვა, ასეთ დროს არსებობს შესაბამისი ნორმები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს და სახელმწიფოს ვალდებულებაა ასეთ დროს იმოქმედოს, დაიცვას ამ ადამიანების ღირსება.
ჩვენს შემთხვევაში, მოგეხსენებათ არაერთი შემთხვევა წაგვიღია სასამართლოში და შემდგომ ის პირები, რომლებმაც მსგავსი ქმედება ჩაიდინა ღია სასამართლო სხდომაზე, სადაც მეორე მხარეს აქვს უფლება წარადგინოს თავისი არგუმენტაცია, ჯდებოდა თუ არა მისი გამოთქმული ფორმა გამოხატვის თავისუფლებაში, რის შედეგადაც შეფასდება თითოეული გამონათქვამის შესაბამისობა კონსტიტუციის მოთხოვნებთან.
ჩვენ არაერთი მსგავსი შემთხვევა გვქონდა, როდესაც სოციალური ქსელის მეშვეობით ან ქუჩაში ხდებოდა საზოგადოებრივი წესის დარღვევა და იყო შემთხვევები, როდესაც სასამართლომ გაიზიარა პოლიციის არგუმენტები და ამ ადამიანების მიმართ დაწესდა ადმინისტრაციული სახდელები და იყო პროცესები, როდესაც ეს ჩათვალა გამოხატვის თავისუფლებად. ეს არის ცოცხალი პროცესი, სადაც ხდება შეფასება, სად არის იმ ზღვარის გავლება საჭირო, სად არის გამოხატვის თავისუფლება და სად ირღვევა ეს. აქამდე პოლიცია მუშაობდა ამ ფორმით.