მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ADB Ventures-ის პირველი ინვესტიცია რეგიონში - რატომ დაინტერესდა აზიის განვითარების ბანკი ქართული TelAgri-ით
ADB Ventures-ის პირველი ინვესტიცია რეგიონში - რატომ დაინტერესდა აზიის განვითარების ბანკი ქართული TelAgri-ით

ADB Ventures-ის პირველი ინვესტიცია რეგიონში - რატომ დაინტერესდა აზიის განვითარების ბანკი ქართული TelAgri-ით

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 02:27|bm.ge

აზიის განვითარების ბანკის ვენჩურული კაპიტალის ფონდმა, ADB Ventures-მა ქართულ აგროტექნოლოგიურ სტარტაპ TelAgri-ში ინვესტიცია განახორციელა.

TelAgri ხელოვნური ინტელექტისა და სატელიტური მონაცემების გამოყენებით სასოფლო-სამეურნეო სექტორში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უწყობს ხელს - კომპანია ბანკებს ფერმერული მეურნეობების რისკების შეფასებასა და უფრო ეფექტიანი საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

ეს ADB Ventures-ის პირველი ინვესტიციაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში სტარტაპისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

რას სთავაზობს TelAgri საბანკო სექტორს?

კითხვაზე, რა გადაწყვეტა შექმნა ქართულმა სტარტაპმა და რატომ აღმოჩნდა მათი პროდუქტი საერთაშორისო ინვესტორისთვის მიმზიდველი, TelAgri-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ირაკლი ჩიქავამ განმარტა, რომ კომპანია ფაქტობრივად აგროდაკრედიტების ძრავას (Agri-lending engine) ქმნის, რომელიც ბანკებს რისკებს მინიმუმამდე უმცირებს.

"ჩვენ ვქმნით ე.წ. Agri-lending engine-ს ბანკებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ბანკს მთლიანად ვაცლით იმ "შავ ყუთს", რასაც ნაკვეთის ან ფერმის აგრონომიული შეფასება ჰქვია, და ვუტოვებთ იმას, რაშიც ის ყველაზე ძლიერია: შეაფასოს ფერმერის ფინანსური შესაძლებლობები და მისი საბანკო ისტორია. აგრონომიულ, სასოფლო-სამეურნეო ნაწილს კი მთლიანად ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე.

რეალურად, დღეს ბანკს ორი რამის გაკეთება უწევს - სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის შეფასება და ფინანსური ანალიზი. ჩვენ არსებულ აგრომდგომარეობას გარდავქმნით ფინანსურ პროგნოზებად, რაც ბანკს მეტ სიმშვიდესა და თავისუფლებას აძლევს, რადგან საკრედიტო რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი," - განაცხადა ირაკლი ჩიქავამ.

მისივე თქმით, ADB Ventures-ის მხრიდან ინვესტიცია სტარტაპისთვის მხოლოდ ფინანსური რესურსი არ არის - ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ვალიდაცია და წვდომა უზარმაზარ რეგიონულ პარტნიორულ ქსელზე, რომლის შედეგებიც კომპანიამ უკვე იგრძნო.

"თავიდან ჩვენთვისაც რთული დასაჯერებელი იყო, როდესაც ADB Ventures-ი თავად დაგვიკავშირდა და ჩვენი საქმიანობის შესწავლა დაიწყო. როდესაც ნახეს, რომ ჩვენ გვქონდა თანაკვეთა ფინანსურ და აგროსექტორებთან, და ამასთან, ჩვენს პროდუქტს გავლენა მოაქვს მთელი ეკოსისტემისთვის, პროცესები ძალიან სწრაფად წავიდა.

ჩვენთვის ADB არ არის მხოლოდ კაპიტალი, ეს არის საერთაშორისო ვალიდაცია. ADB-ს გააჩნია უდიდესი გამოცდილება და ქსელი ზუსტად იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენ შესვლას ვგეგმავთ. ამის შედეგები უკვე საკუთარ თავზე ვიგრძენით: ADB დაგვეხმარა და დაგვაკავშირა ცენტრალური აზიის ბანკებთან. ახლახან თურქმენეთში ვიყავით ფინანსურ სამიტზე, სადაც ჩვენი გადაწყვეტა წარვადგინეთ. როდესაც ADB გეხმარება სხვადასხვა ქვეყნის ბანკების ტოპ-მენეჯმენტთან შეხვედრების დაგეგმვაში, იქ დინამიკა სრულიად განსხვავებულია და პროცესები გაცილებით ჩქარდება, ვიდრე მაშინ, როცა კარზე დამოუკიდებლად აკაკუნებ, როგორც სტარტაპერი," - აღნიშნა ჩიქავამ.

აზიის განვითარების ბანკის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, ტატო ცინცაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს გარიგება არა მხოლოდ ერთი კომპანიის მიღწევაა, არამედ ძლიერი სიგნალია მთელი ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის.

მისი განმარტებით, ADB ტრადიციულად მსხვილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების დამფინანსებელია და კერძო სექტორშიც მათი სტანდარტული ინვესტიციები ათეულობით მილიონი დოლარიდან იწყება, თუმცა ADB Ventures-ი სპეციალურად სტარტაპების ადრეული და მზარდი ეტაპის დასაფინანსებლად შეიქმნა.

"ეს არის ADB Ventures-ის პირველი ინვესტიცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ცენტრალური აზიის მასშტაბით. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყო პარტნიორობის დასაწყისია და იმედი გვაქვს, რომ მართლაც "მყინვარმჭრელი" იქნება, რაც გზას გაუხსნის კიდევ უფრო მეტ ქართულ სტარტაპს.

TelAgri პასუხობს უმნიშვნელოვანეს გამოწვევას - ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. განახლებული და სანდო მონაცემების არქონის გამო, ფერმერებს ხშირად უჭირთ ბანკების დარწმუნება, რომ მათი მეურნეობა არის დაფინანსებადი. ამ ტექნოლოგიით კი ბანკი იღებს ინფორმირებულ, ახალ მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას, იღებს სწორ გადაწყვეტილებას და შემდეგ იგივე ხელსაწყოთი ახდენს გაცემული სესხის მონიტორინგს. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი ტრანზაქციული პროდუქტი," - განაცხადა ტატო ცინცაძემ.

რა კრიტერიუმებით არჩევს და აფინანსებს სტარტაპებს აზიის განვითარების ბანკი?

როგორც ADB-ის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა განმარტა, ADB Ventures-ს ინვესტირებისას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფილტრი აქვს, რომელსაც TelAgri სრულად პასუხობს. ცინცაძემ დაასახელა ძირითადი ფაქტორები, რომლებსაც ბანკი სტარტაპების შერჩევისას ეყრდნობა.

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი უპირატესობას ანიჭებს ისეთ სტარტაპებს, რომლებსაც ადგილობრივი ბაზრის მიღმა, რეგიონულ დონეზე მასშტაბირების პოტენციალი აქვთ და ბაზარზე არსებულ რეალურ, პრაქტიკულ პრობლემებს ჭრიან. ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულია კლიმატის ცვლილებაზე, მდგრად განვითარებაზე, აგროტექნოლოგიებსა და ფინტექზე ორიენტირებული გადაწყვეტები.

"არ დაგვავიწყდეს - ჩვენ ვართ განვითარების ბანკი. ჩვენ არ ვართ მოგების მაქსიმიზაციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი, არამედ ორიენტირებული ვართ პოზიტიური გავლენების მაქსიმიზაციაზე. შესაბამისად, ჩვენი თითოეული ტრანზაქცია არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ინვესტორისთვის მოგების მოტანას, არამედ ეს უნდა იყოს სტარტაპისთვის უფრო ფართო, საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლის რეალური დასაწყისი," - აღნიშნა ტატო ცინცაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Apple-მა 28 ოქტომბრისთვის შესაძლოა პირველი სენსორულეკრანიანი MacBook-ი წარადგინოს

Apple-მა 28 ოქტომბრისთვის შესაძლოა პირველი სენსორულეკრანიანი MacBook-ი წარადგინოს

BM.GE

Amazon-მა 12 ბირთვული რეაქტორის აშენება გადაწყვიტა

Amazon-მა 12 ბირთვული რეაქტორის აშენება გადაწყვიტა

BM.GE

ციტრუსის რთვლისთვის საკოორდინაციო შტაბი, სავარაუდოდ, 10 ნოემბრიდან გაიხსნება - რა მოლოდინი აქვს ბიზნესს?

ციტრუსის რთვლისთვის საკოორდინაციო შტაბი, სავარაუდოდ, 10 ნოემბრიდან გაიხსნება - რა მოლოდინი აქვს ბიზნესს?

BM.GE

"სახელმწიფომ წყალტუბოს პოპულარიზაციაში დიდი თანხა უნდა დახარჯოს" - რა შემთხვევაში დაინტერესდება ბიზნესი სანატორიუმებით?

"სახელმწიფომ წყალტუბოს პოპულარიზაციაში დიდი თანხა უნდა დახარჯოს" - რა შემთხვევაში დაინტერესდება ბიზნესი სანატორიუმებით?

BM.GE